ფეხსახსრიანი მომცრო ცხოველები სიცოცხლის ხანგრძლივობით არ გამოირჩევიან. მათ შორის არიან ობობებიც, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა — მან 43 წელი იცოცხლა.

ეს იყო მდედრი ობობა, სახელად ნომერი 16. იგი რესურსებს გონივრულად იყენებდა და გარემოზეც ნაკლებად ჰქონდა გავლენა, რაშიც, მეცნიერთა აზრით, ადამიანებმაც უნდა მივბაძოთ. ტაქსონომიურად იგი Mygalomorphae-ს ინფრარიგს მიეკუთვნებოდა, რომელში შემავალი ობობებიც ორმოებში ცხოვრობენ.

ნომერი 16 ერთ-ერთი ფეხსახსრიანი იყო, რომელიც ავსტრალიის ჩრდილოეთ ბანგულას დაცულ ტერიტორიაზე დიდხანს მიმდინარე პოპულაციურ კვლევაში ჩართეს. ეს უკანასკნელი 1974 წელს დაიწყო და მას ბარბარა იორკ მეინი ხელმძღვანელობდა.

ობობებს ყოველწლიურად ამოწმებდნენ და პროექტზე რამდენიმე დეკადის განმავლობაში მუშაობდნენ. მის ფარგლებში გაირკვა, რამდენად საჭიროა ზოგიერთი სახეობის დაცვა და სპეციალისტებმა ახალი რეკორდსმენიც აღმოაჩინეს.

Gaius villosus-ის სახეობაში შემავალი ნომერი 16 კვლევაში მონაწილე ობობას ნაშიერთა პირველ ჯგუფში იყო — რიგით მეთექვსმეტე. სწორედ აქედან მოდის მისი სახელი. 2016 წლისთვის ნომერი 16-ის ყველა "ამხანაგი" უკვე მკვდარი იყო.

იმავე წლის ოქტომბრის მიწურულს მის ორმოში პარაზიტული კრაზანის შეღწევის კვალი აღმოაჩინეს. აქედან დაასკვნეს, რომ იგი სიბერემ კი არ მოკლა, არამედ პარაზიტით დაინფიცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბევრ ობობას ემართება, რადგან ხშირად მათ ორგანიზმში ლავრები იბუდებენ.

ასეა თუ ისე, ნომერი 16 ისტორიაში მაინც ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ ობობად დარჩა. ის მთელი 43 წლის განმავლობაში ერთ ორმოში იყო, გარედან კი მხოლოდ საჭირო რესურსებს იღებდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, დედამიწაზე ჩვენი უარყოფითი გავლენა საგრძნობლად შემცირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.