რამდენად ხშირად იზიარებენ წყვილები ფსიქიკურ აშლილობებს? — კვლევა
ფოტო: Justin Paget/DigitalVision/Getty Images
წყვილებზე ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ ურთიერთობაში ყოფნისას ისინი ფსიქიკური აშლილობების გაზიარებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი.
ტაივანში, დანიასა და შვედეთში 6 მილიონზე მეტი წყვილის მონაცემების ანალიზით მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანებს ხშირად იგივე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ რაც მათ პარტნიორებს.
კვლევა რამდენიმე მდგომარეობას, მათ შორის შიზოფრენიას, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, დეპრესიას, აუტიზმს, შფოთვას, ბიპოლარულ აშლილობასა და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას მოიცავდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქიკური აშლილობების უმეტესობას მუდმივი მეუღლეობრივი კორელაცია აქვს. ეს ფაქტი სხვადასხვა ერსა და თაობაზე ვრცელდება", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
ამ ფენომენს მკვლევრები მეუღლეობრივ კორელაციას უწოდებენ. აქამდე ასეთი მსგავსებები რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, განათლების დონისა და ნივთიერებათა მოხმარების მხრივ შეინიშნებოდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ ფენომენზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებებს. პირველ რიგში, ჩვეულებრივი ადამიანები როგორც წესი ჩვენ მსგავს პარტნიორებს ვირჩევთ. ასევე არჩევანი სხვადასხვა გარემოებების მიხედვით შეზღუდულია და წყვილები, რომლებიც ერთსა და იმავე გარემოში, ერთად დიდხანს ცხოვრობენ ერთმანეთს უფრო მეტად ემსგავსებიან.
მეცნიერების თქმით, კვლევის შედეგებზე სამივე ფაქტორს აქვს გავლენა და მათგან რომელიმეს გამორჩევა რთულია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ ქვეყანას განსხვავებული კულტურა და ჯანდაცვის სისტემა აქვს, შედეგები მეტწილად მსგავსი იყო. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, ბიპოლარული აშლილობისა და ანორექსიის შემთხვევაში მცირე განსხვავებები მაინც დაფიქსირდა.
"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მეუღლეობრივი კორელაცია ფსიქიკური აშლილობების მხრივ მუდმივია, რაც უნივერსალურ ფენომენზე მიუთითებს", — წერენ მკვლევრები.
აღსანიშნავია, რომ კვლევას შეზღუდვები ჰქონდა. მეცნიერებს არ შეუფასებიათ რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად, წყვილები დიაგნოზამდე შეხვდნენ ერთმანეთს თუ შემდეგ. აგრეთვე, უფროსი თაობების მონაცემები მხოლოდ ტაივანში შეფასდა და მკვლევრებს სურთ, რომ სამომავლოდ მეტი მონაცემი გაითვალისწინონ.
კვლევა ჟურნალ Nature Human Behavior-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები