ევროპაში ფრჩხილის ზოგიერთი გელ-ლაქის გამოყენება აიკრძალა — რატომ
ფოტო: Shutterstock.com
მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებში ფრჩხილის იმ გელ-ლაქების გამოყენება აიკრძალა, რომლებშიც საშიში ნივთიერება გვხვდება. ესაა ტრიმეთილბენზოილ-დიფენილფოსფინის ოქსიდი (TPO), რომელიც ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ლაქის სწრაფად გაშრობას უწყობს ხელს.
ის მსგავს გელებში საკმაოდ გავრცელებული კომპონენტია და ათწლეულებია, გამოიყენება. ამის მიუხედავად, იგი ფერტილურობის პოტენციურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ევროკომისიამ მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ მიერ TPO კანცეროგენურ, მუტაგენურ და რეპროტოქსიკურ ნაერთადაა დასახელებული, ანუ სიმსივნესთან, დნმ-ის მუტაციებთან და რეპროდუქციულ რისკებთანაა ასოცირებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ, ზოგადად, ასეთი რეგულაციების გამო ზოგჯერ კომპანიებს ამგვარ ნივთიერებებზე უარის თქმა არ უწევთ, თუ წარმოებაში მის უსაფრთხო დოზებს მოიხმარენ. TPO-ს კი ეს არ ეხება, ვინაიდან მისი ჩანაცვლება შესაძლებელია, ამიტომ ხსენებული საკითხი დავას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ TPO აშშ-ში ჯერ კიდევ გამოიყენება. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ქვეყნისა და ევროკავშირის რეგულაციები განსხვავებულია, რადგან ევროპაში უფრო მეტად ფრთხილობენ. საინტერესოა ისიც, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებული კვლევები, რომლებიც TPO-სთან დაკავშირებულ ზიანზე მიუთითებს, თაგვებზე ჩატარდა. ასევე, მღრღნელების ორგანიზმში ეს ნაერთი ორალური გზით საკმაოდ დიდი დოზებით შეიყვანეს.
ბელგიურ კომპანია ProNails-ში აცხადებენ, რომ გაშრობა-გამყარების შემდეგ TPO, ფაქტობრივად, უვნებელია, რადგან თავდაპირველ მდგომარეობაში აღარაა — ან ლაქის მთლიან სტრუქტურაში ერთიანდება, ან მეორეულ პროდუქტებად გარდაიქმნება.
"ორივე შემთხვევაში ის გამშრალ გელშია ინტეგრირებული, არ ორთქლდება, არც გადაადგილდება და არც კანთან შედის კონტაქტში. მცირე დოზითაც რომ იყოს დარჩენილი, ის ძირითადად წებოვან შრეშია მოქცეული, სადაც არარეაქტიული მოლეკულებია, თანაც ამგვარი ოდენობა 0.1%-ზე დაბალია", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ კონტრარგუმენტების მიუხედავად, ევროპაში ახალი რეგულაცია უკვე მიღებულია. გელ-ლაქებიდან TPO-ს ამოღება კი პროდუქტების ეფექტზე არ იმოქმედებს. იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ნაერთი ყველა ლაქში ისედაც არ გვხვდება, ხოლო წარმოებაში ცვლილებების შეტანა მარტივია.

კომენტარები