ჩვენი წინაპრები ჰომო ერექტუსებთან ჯვარდებოდნენ? — მინიშნება 300 000 წლის კბილებში
ჩინეთში მიკვლეული, დაახლოებით 300 000 წლის წინანდელი, 21 კბილის უჩვეულო მახასიათებლები მნიშვნელოვან ევოლუციურ მოვლენაზე შეიძლება მიანიშნებდეს — ჩვენი წინაპრებისა და ჰომო ერექტუსების შეჯვარებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ თვისებათა ასეთი სხვაობის კომბინაცია ადრე არასდროს უნახავთ.
"თითქოს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ევოლუციური საათი განსხვავებული სიჩქარით წიკწიკებდა", — აცხადებენ ისინი.
მკვლევრებმა სამხრეთ ჩინეთში არსებულ არქეოლოგიურ ზონაში ნაპოვნი კბილები შეისწავლეს, რომლებშიც ძველი და შედარებით თანამედროვე მახასიათებლები ერთდროულად შეინიშნება. ისინი ე.წ. ჰუალონგდონგის პოპულაციას ეკუთვნის. ესაა შუა პლეისტოცენის ეპოქაში მცხოვრები ჰომინინების ჯგუფი, რომლის კვალიც 2006 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სულ მცირე 16 ინდივიდის ნაშთებს მიაგნეს.
ჩონჩხების ადრეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, შესაძლოა, აღმოსავლეთ აზიის ჰომო ერექტუსები ყოფილიყვნენ, რომლებმაც ჩინეთამდე 1.7 მილიონი წლის წინ მიაღწიეს. ამის მიუხედავად, მომდევნო დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ამ პოპულაციაში ჰომო საპიენსის თვისებებიც იყო. მაგალითად, მათ ჩვენნაირი სახე ჰქონდათ, მაგრამ კიდურების პროპორციები უფრო მეტად ერექტუსს მიუგავდათ.
სწორედ ასეთი ორგვარობა დაფიქსირდა კბილების შემთხვევაშიც. მათი უმეტესობა ჰომო საპიენსის მსგავსია, მაგალითად, მცირე ზომის სიბრძნის კბილები. ფესვები და მოლარული კბილები ბევრად სქელი და მტკიცეა, როგორიც ჰომო ერექტუსის სახეობაში იყო გავრცელებული.
ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ აღნიშნული პოპულაცია ჰომო საპიენსთან ევოლუციურად ახლოს იყო, ნეანდერტალელებთან და დენისოველებთან კი — არა. მეორე მოსაზრების მიხედვით, ეს უფრო არქაულ ინდივიდებთან, ჰომო ერექტუსებთან, გენების მიმოცვლის შედეგია. გამოდის, რომ, შესაძლოა, ჰომო საპიენსები ჰომო ერექტუსებთან ჯვარდებოდნენ.
ადრეულ ჰომინინებს მეცნიერები აქტიურად იკვლევენ და ახალი პოპულაციების იდენტიფიცირებასაც ახერხებენ, რომლებიც სწორედ 300 000-150 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს მიუთითებს, რომ ადამიანთა ევოლუცია სწორხაზოვანი და ერთგვაროვანი არ ყოფილა, არამედ ბევრად რთულ პროცესებს მოიცავდა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Human Evolution გამოქვეყნდა.

კომენტარები