ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
კომპანია Boston Dynamics-მა მის მიერ შექმნილი ჰიდრავლიკური ჰუმანოიდი რობოტის Atlas ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც სრულად ელექტროა.
მომდევნო თაობის ეს მოწყობილობა, წინამორბედთან შედარებით, უფრო მრავალგვარ მოძრაობებს ასრულებს, რაც კომპანიის მიზანი იყო. მათ სურდათ, ეჩვენებინათ, რომ შესაძლებელია, ორ ფეხზე მოსიარულე ასეთ რობოტებს ადამიანის სხეულის მსგავსი ფორმა მოძრაობის შეზღუდვის გარეშე შევუნარჩუნოთ.
ელექტრო Atlas-ის დიზაინი განსხვავებულია. მას მბრუნავი შემაერთებელი მექანიზმები აქვს, რომლებიც ერთგვარი სახსრების ფუნქციას ასრულებს. Boston Dynamics-ის ინფორმაციით, ეს დეტალები მას რუტინული და საფრთხილო სამუშოს შესრულების საშუალებას აძლევს.
"Atlas-ის ელექტრო ვერსია ისე შევქმენით, რომ უფრო ძლიერი, მარდი და მოქნილი ყოფილიყო. ადამიანური ფორმის მიუხედავად ის ისე აღვჭურვეთ, რომ ამას არ შეეზღუდა, არამედ დავალებების შესასრულებლად შეძლებისდაგვარად ეფექტიანად ემოძრავა", — აცხადებს Boston Dynamics.
ყოველივე ზემოთქმულის სადემონსტრაციოდ კომპანიამ ახალი თაობის რობოტის ვიდეო გამოაქვეყნა:
კადრებში Atlas მართლაც საოცარ მოქნილობას გვიჩვენებს, რადგან მისი ელექტრო პლატფორმის თითოეული ნაწილი ტრიალებს. მათ შორისაა, ფეხები, ხელები, თავი და შუა ტანი. თავდაპირველად ის მწოლიარე მდგომარეობაშია, მაგრამ ფეხებს უკან წევს და ძირს დგამს, შემდეგ კი მარტივად დგება. მომდევნო ეტაპზე ის თავსა და წელს 360 გრადუსით აბრუნებს.
მოწყობილობის ხელები შედარებით გრძელია, ზურგი კი უფრო სწორი. თავი ჰუმანოიდური არაა, არამედ მრგვალი ფორმა აქვს, მის გარშემო კი მანათობელი რგოლია. აღსანიშნავია, რომ შეუმჩნეველია ისეთი სადენები, რომლებიც მის წინამორბედს ჰქონდა.
კომპანიის განცხადებით, ახალ Atlas-შიც ყურადღება გამახვილებულია ობიექტების აღებისა და გადაადგილების შესაძლებლობაზე, რათა ის სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობაში გამოიყენონ. როგორც ცნობილია, რობოტს მომდევნო წლებში ამ მიზნით მომხმარებელთა მცირე ჯგუფი გამოცდის, მათ შორის Hyundai.
კომენტარები