მეცნიერებმა ჩინეთის ფუძიანის პროვინციის ტერიტორიაზე იურული პერიოდის ფრინველთა ორი ნამარხი აღმოაჩინეს. ეს მიგნება ფრინველების ადრეული ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის და მათი დივერსიფიკაციის პროცესს 20 მილიონი წლით უკან წევს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ნამარხი ნაშთების ასაკი დაახლოებით 149 მილიონი წელია. მათგან ერთს Baminornis zhenghensis უწოდეს, რომელიც იზიარებდა როგორც დინოზავრების, ისე ფრინველების მახასიათებლებს. მეორე ნიმუში მხოლოდ ავქაშის ძვლის სახითაა მოღწეული და შესაძლოა, Ornithuromorpha-ს ჯგუფში შემავალ არსებას ეკუთვნოდეს, თუმცა მეტის გასაგებად უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

ახლახან აღმოჩენილი ნამარხი.

ფოტო: Min Wang

ფრინველები საკმაოდ მრავალგვაროვანი ხერხემლიანები არიან, რომლებიც ევოლუციურად იურულ პერიოდში განცალკევდნენ. ამ პროცესის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რადგან საკმარისი ნამარხი მტკიცებულებები არ მოგვეპოვება.

ამჟამად იურული პერიოდის უძველეს ფრინველად არქეოპტერიქსს მიიჩნევენ. მას ფრთხები ჰქონდა, მაგრამ გრძელი კუდით უფრო მეტად არამფრენ დინოზავრს მოგვაგონებს. ამის გამო ბოლო წლებში ეჭვები გამოითქვა და არქეოპტერიქსი დეინონიქოზავრების კატეგორიას მიაკუთვნეს, რომელიც ფრინველთა მონათესავე ჯგუფს წარმოადგენს.

სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა Baminornis zhenghensis.

ფოტო: Chuang Zhao

მისგან განსხვავებით, Baminornis zhenghensis-ს მოკლე კუდი უნდა ჰქონოდა, რომელიც პიგოსტილით ბოლოვდებოდა, რაც თანამედროვე ფრინველებშია გავრცელებული. ასევე, მათთან მსგავსება მხრისა და მენჯის სარტყლებში ვლინდება, კლანჭები კი ისეთია, როგორიც არამფრენ დინოზავრებში გვხვდებოდა. ეს ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფრინველების განვითარებისთვის ე.წ. მოზაიკური ევოლუცია.

აქამდე ასეთი მოკლე კუდის უძველესი მტკიცებულება ადრეულ ცარცული პერიოდს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, Baminornis zhenghensis მას პირველობას ართმევს, რადგან ამ არსებაში ფრინველების ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელი 20 მილიონი წლით უფრო ადრე გამოვლინდა.

აღნიშნული პრეისტორიული ფრინველის სამგანზომილებიანი გამოსახულება ასე გამოიყურება:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.