როგორ ჩანს მზის ამოსვლა მთვარის ზედაპირიდან — ნახეთ გასაოცარი სურათი
დედამიწაზე მზის ამოსვლა ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი, მაგრამ დაფიქრებულხართ, როგორ გამოჩნდება აისი მთვარის ზედაპირიდან?
ამის გასაგებად წარმოსახვის მოხმობა აღარ გჭირდებათ, რადგან მთვარეზე ახლახან დაშვებულმა კერძო კოსმოსურმა აპარატმა სწორედ ეს გასაოცარი სანახაობა გადაიღო. საუბარია "ლურჯ მოჩვენებად" წოდებულ მოდულზე, რომელიც კომპანია Firefly Aerospace-ს ეკუთვნის. ის ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ 2 მარტს დაჯდა, რაც კერძო მისიების ისტორიაში მხოლოდ მეორე ასეთი შემთხვევა იყო.
აპარატმა სურათების გადაღება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს უახლოვდებოდა. შესაბამისად, მან ზედაპირზე დაჯდომის შემდეგაც არ დააყოვნა და შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდა.
ახალ სურათზე გამორჩეულად კაშკაშა მზეს ვხედავთ, რომლის ქვემოთაც მთვარის უსწორმასწორო და კრატერებით სავსე ზედაპირი მოჩანს. ეს საინტერესო კონტრასტს ქმნის და ციური სხეულის ჩრდილიან, ჩაღრმავებულ რეგიონებს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აისით არა მხოლოდ მთვარის ხანგრძლივი დღე, არამედ "ლურჯი მოჩვენების" მისიის ფუნქციური ნაწილიც დაიწყო. აპარატი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, რაც მთვარის ერთი სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა (რეგოლიტის) და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე, მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც, მისიის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება.
მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება.
კომენტარები