მეცნიერებმა გაყინული მიკროსკოპული ორგანიზმები გააცოცხლეს. არსებები ციმბირში 24 000 წლის განმავლობაში იყვნენ გაყინული. ეს უძველესი არსებები (bdelloid rotifers), კრიპტობიოზის მდგომარეობაში გადარჩნენ. მათ ყველა ბიოლოგიური აქტივობა მანამ შეაჩერეს, სანამ აღსადგენი პირობები ხელახლა არ გამოჩნდებოდა.

გალღობის შემდეგ მათ არა მხოლოდ აღადგინეს ნორმალური ფუნქციონირება, არამედ დაიწყეს ასექსუალური გამრავლება, თითქოს ათასწლეულები გაყინულები არ ყოფილიყვნენ.

გადარჩენის საიდუმლოება

ბდელოიდური როტიფერები მიკროსკოპული ორგანიზმების ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც გამძლეობით არიან ცნობილი. მათ შეუძლიათ გაუძლონ რადიაციას, გაუწყლოებასა და ვაკუუმსაც კი.

და მაინც, რატომ არიან ისინი ასეთი გამძლე არსებები?

მეცნიერები თვლიან, რომ ამაზე პასუხი კრიპტობიოზშია. ასეთ ექსტრემალურ პირობებში, ბდელოიდური როტიფერები სრულიად აჩერებენ მეტაბოლიზმს — წყვეტენ ყველა ბიოლოგიურ აქტივობას.

გაყინვა ორგანიზმების უმეტესობას შეუქცევად ზიანს აყენებს, თუმცა ეს მინიატიურული არსებები წარმოქმნიან სპეციალურ ცილებს, რომლებიც იცავს მათ უჯრედებს განადგურებისგან.

მეცნიერებმა ციმბირის ზედაპირიდან 3.6 მეტრის სიღრმიდან გაყინული ნიმუშები ამოიღეს. ნახშირბადის დათარიღების გამოყენებით, მათ დაადასტურეს, რომ ნიადაგი და ორგანიზმები სულ მცირე 24 000 წლის განმავლობაში იყო გაყინული.

კონტროლირებად გარემოში ორგანიზმების გალღობის შემდეგ, მეცნიერებმა დაინახეს, რომ მინიატიურული არსებები სიცოცხლეს დაუბრუნდნენ და გამრავლებაც დაიწყეს.

სხვა ორგანიზმები

ბდელოიდური როტიფერების გამძლეობის ეს მაგალითი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს აჩენს საფრთხეებსაც. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ყინულის დონე სულ უფრო დნება, რაც ახალ საფრთხეებს აჩენს: რა მოხდება თუ ყინულის ფენების ქვეშ საშიში ვირუსები და ბაქტერიები "გაცოცხლდებიან"?

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ძველი პათოგენებიც კი შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი, თუ ყინულისგან გამოთავისუფლდება.

კრიობიოლოგიის მომავალი

ამ ყველაფერს კრიობიოლოგიაში გარღვევის მოხდენა შეუძლია. შედეგად, შესაძლებელი იქნება ორგანოების ძალიან დიდი ხნით უვნებლად შენახვა. მეტიც, ამის გამოყენება შესაძლებელი გახდება კოსმოსური მისიებისას.

კრიპტობიოზისა და გაყინული ორგანიზმების გაცოცხლების მექანიზმების შესწავლა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. თუ მიკროსკოპული ორგანიზმები გაყინულ მდგომარეობაში 24 000 წელი ძლებენ, ეს აჩენს პერსპექტივას, რომ ოდესღაც მეცნიერები იმავეს გამეორებას ისეთი კომპლექსური ორგანიზმებისთვისაც შეძლებენ როგორიც ჩვენ ვართ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.