იაპონელმა ინჟინრებმა მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული კვანტური სუპერკომპიუტერი გააქტიურეს.

20 კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი (Reimei) ინტეგრირებულია Fugaku-ში. Fugaku მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი (მეექვსე) სუპერკომპიუტერია. ჰიბრიდული სისტემა ისეთი დავალებების გადასაჭრელად იმუშავებს, რომლებსაც კლასიკური სუპერკომპიუტერები ვერ უმკლავდება.

კომპიუტერი ტოკიოსთან ახლოს, რიკენის სამეცნიერო ინსტიტუტში იქნება და მას ძირითადად ფიზიკასა და ქიმიასთან დაკავშირებული კვლევებისთვის გამოიყენებენ.

კვანტურ კომპიუტერებს უდიდესი პოტენციალი აქვს. მიიჩნევა, რომ ეს ტექნოლოგია განვითარდება და შეძლებს იმას, რაც კლასიკური კომპიუტერით შეუძლებელია. მაგალითისთვის, კვანტურ კომპიუტერს შეეძლება წამში გამოთვალოს ის, რისთვისაც კლასიკურ სუპერკომპიუტერს მილიონობით წელი დასჭირდებოდა.

თუმცა, სანამ კვანტური კომპიუტერების გამოყენებას დავიწყებთ, შეიძლება გამოსავალი მათი კლასიკურ კომპიუტერებში ინტეგრირება იყოს.

კვანტური კომპიუტერებისგან განსხვავებით, რომლებიც სუპერგამტარ კუბიტებს იყენებს, Reimei იონურ კუბიტებს საჭიროებს. ეს გულისხმობს დამუხტული ატომების, ან იონების იზოლირებას ელექტრომაგნიტურ ველში. ამას იონურ ხაფანგსაც უწოდებენ. ასეთი იონების კვანტურ მდგომარეობაში გასაკონტროლებლად ლაზერების გამოყენებაა საჭირო.

მთლიანობაში, ეს იონების როგორც კუბიტების გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ იონებით ხდება კვანტური ინფორმაციის შენახვა და დამუშავება.

კუბიტების კვანტურ პოზიციაში დიდხანს შენარჩუნება რთულია. ამიტომ, მეცნიერები მათ ალტერნატივაზე აქტიურად მუშაობენ.

ცნობისთვის, კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი კუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.

ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.