როგორი შეიძლება იყოს ამერიკული რკინის გუმბათი

ფოტო: US Army
ამერიკელმა სენატორებმა დენ სალივანმა და კევინ კრამერმა ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი კანონპროექტი წარადგინეს.
საუბარია რკინის გუმბათზე, რომელიც აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას გააუმჯობესებს და ქვეყანას ბირთვული სარაკეტო საფრთხეების წინაშე უფრო დაცულს გახდის.
რკინის გუმბათის შემუშავების იდეა გეოპოლიტიკური დაძაბულობის მატების პარალელურად მოხდა.
რკინის გუმბათი ამერიკისთვის
სენატორებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ძალების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს.
ერთობლივ განცხადებაში მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-მა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უნდა გააუმჯობესოს.
"ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიის ძირითადი აქცენტები ბალისტიკურ რაკეტებზე იყო მიმართული. თუმცა, რეალობა სწრაფად იცვლება", — თქვა სალივანმა.
სენატორმა ხაზი ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებას გაუსვა და აღნიშნა, რომ აშშ ამ ცვლილებებზე უნდა ადაპტირდეს.
ინიციატივის მიხედვით, მხოლოდ ალასკაში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოხდეს, რათა იქ ინოვაციური რაკეტსაწინააღმდეგო ტექნოლოგია განლაგდეს.
THAAD, კოსმოსური ტექნოლოგია და ლაზერები
ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი თაობის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უნდა მიიღონ, რომლებიც აღჭურვილი იქნება ლაზერებითა და კოსმოსური სისტემებით.
დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა სხვადასხვა სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის: 1.4 მილიარდი დოლარი სიმაღლეზე თავდაცვის სისტემისთვის (THAAD), 1.5 მილიარდი დოლარი PAC-2-ისა და PAC-3-ის საბრძოლო მასალისთვის და 1 მილიარდი აშშ დოლარი Aegis Ashore-ის სარაკეტო თავდაცვის ობიექტების ასაშენებლად აღმოსავლეთ სანაპიროსა და ალასკაზე.
გარდა ამისა, IRON DOME-ის აქტის მიხედვით, გამოიყენებენ კოსმოსურ სისტემებსაც. ამისთვის ცალკე 900 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
სენატორების თქმით, კოსმოსური სენსორები მნიშვნელოვნად გააძლიერებს შეერთებული შტატების შესაძლებლობებს, დროულად აღმოაჩინონ და გაანადგურონ სარაკეტო საფრთხე.
"ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემით ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან ვიქნებით დაცული", — აღნიშნეს სენატორებმა.
კომენტარები