ახალი კვლევის თანახმად, 18 000 წლის წინ ევროპელები თავიანთი მტრების ტვინებს ჭამდნენ

ფოტო: Institut Català de Paleoecologia Humana i Evolució Social
პოლონეთში, კრაკოვთან ახლოს მდებარე მასზიკას გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანის ძვლები ცხადყოფს, რომ ძველ ევროპელებში კანიბალიზმი გავრცელებული პრაქტიკა იყო. არქეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ეს ქმედება მტრებზე ძალაუფლების დემონსტრირებას უკავშირდებოდა და შესაძლოა, რიტუალურ მნიშვნელობასაც ატარებდა.
მეცნიერებმა გამოქვაბულში მიაგნეს 53 ძვალს, რომლებიც მინიმუმ 10 ადამიანს ეკუთვნის: ექვს ზრდასრულსა და ოთხ ბავშვს. ჩონჩხის ნაწილები 18 000 წლის წინანდელია და ევროპული პრეისტორიის მადლენის კულტურის პერიოდიდანაა. სამგანზომილებიანი მიკროსკოპული ტექნიკის გამოყენებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძვლების 68%-ზე ჭრილობები და მოტეხილობები აღინიშნებოდა. ეს დაზიანებები, რომლებიც მტაცებელი ცხოველების ან შემთხვევითი ტრავმების შედეგად არ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო, ნათლად აჩვენებს, რომ განზრახ დასახიჩრებასთან გვაქვს საქმე.
ძვლებზე დაკვირვებამ ჩვეულებრივ სიკვდილსა და განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს შორის ზღვრის გავლება გახადა შესაძლებელი. მაგალითად, თავის ქალის ფრაგმენტებზე სკალპის ახდის, რბილი ქსოვილების მოცილებისა და ყურების/ყბის მოკვეთის კვალი დაფიქსირდა. თავის ქალის ხაზის გაყოლებაზე არსებული დაზიანებები მიუთითებს, რომ ისინი განზრახაა მიყენებული, რათა ტვინი ამოეღოთ. მსგავსი ნიშნები არის მხრის, მკლავისა და ფეხის ძვლებზეც.
კვლევის ავტორ ფრანსესკ მარგინედასის თქმით, ჭრილობების მდებარეობა, რაოდენობა და ჩონჩხის მოტეხილობები აშკარად მიუთითებს, რომ ეს სხეულები კვების მიზნით იყო გამოყენებული. ასევე, მათი ყველაზე კალორიული ნაწილები — ტვინი, ძვლის ტვინი და კუნთები — პრიორიტეტულად დამუშავებული და მოხმარებული იყო, თანაც სიკვდილიდან მალევე.
მეცნიერები აცხადებენ, რომ პრეისტორიულ პერიოდში კანიბალიზმი შეიძლება გადარჩენის საჭიროებებთან, რიტუალურ პრაქტიკებთან ან ჯგუფთაშორის ძალადობასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ამის მიუხედავად, მასზიკას გამოქვაბულის არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გადარჩენის მიზნით ჩადენილ კანიბალიზმთან არ ასოცირდება.
მადლენის კულტურაში, რომელიც 23 000-დან 11 000 წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს, ადამიანთა რაოდენობა მზარდი იყო და მათ შიმშილის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდათ. ნაშთები განსაკუთრებულ პირობებში არ დაუკრძალავთ, არამედ ადამიანთა ჩონჩხები ცხოველების დამუშავებულ ძვლებთან ერთად იყო შერეული. ეს მიუთითებს, რომ საქმე, სავარაუდოდ, სწორედ ბრძოლის თანმდევ კანიბალიზმთან გვაქვს.
მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მასზიკას გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანების ასაკობრივი და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მსხვერპლები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. დიდი ალბათობით, ისინი ერთიანად განადგურდნენ, შემდეგ კი კანიბალიზმს შეეწირნენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები