საქართველოში ქალს ტვინიდან ღორის სოლიტერი ამოუყვანეს — 15 სმ.-იანი ცოცხალი ჭია

ფოტო: Giorgi Sekania
ნეიროქირურგი გიორგი სექანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალის ტვინიდან 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი პარაზიტი Taenia solium, ანუ ღორის სოლიტერი, ამოიყვანეს.
"ოპერაციული ჩარევის დროს თავის ტვინში ნანახი იქნა 15 სმ.-ამდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში. პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა — Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ", — წერს ექიმი.
პოსტის მიხედვით, ონკოლოგიური ისტორიის გამო პაციენტს პროფილაქტიკური გამოკვლევები 3 წლის განმავლობაში უტარდებოდა "მეზობელ ქვეყანაში" [იგულისხმება თურქეთი]. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას ტვინში წარმონაქმნი შენიშნეს და ქალს მე-4 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან საქართველოში გადაწყვიტა დაბრუნება.
"3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება", — ციტირებს ნეიროქირურგი პაციენტის ნათქვამს.
აქ ყოფნისას ქალს გენერალიზებული გულყრა განუვითარდა. მან გიორგი სექანიასთან განაგრძო მკურნალობა. დაინიშნა დამატებითი კვლევები.
"ჩატარებული თავის ტვინის MR კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს თავის ტვინში ნანახი იქნა 15 სმ.-ამდე ცოცხალი სოლიტერი", — წერს გიორგი.
ნეიროქირურგის თქმით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აღენიშნება ნევროლოგიური დეფიციტი და "იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ".
ცნობისთვის, ღორის სოლიტერი პარაზიტია, რომელიც ადამიანის სხეულში არასათანადოდ დამუშავებული ღორის ხორციდან ხვდება. მისი კვერცხები, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს. ტვინში ისინი ცისტებს წარმოქმნის და დაავადება, სახელად ნეიროცისტიცერკოზი, ვითარდება. ეს თავის ტკივილებს, გულყრებსა და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.
ასევე იხილეთ: ფლორიდელ კაცს, რომელსაც შაკიკი გაურთულდა, ტვინში ჭიის ლარვები აღმოაჩნდა
ცისტებისა და ლარვების ფორმით ეს პარაზიტი აქამდეც არაერთხელ აღმოუჩენიათ ადამიანის ტვინში. მეორე მხრივ, როგორც გიორგიმ NEXT.On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს "დადასტურებულად ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის პირველი შემთხვევაა" და "სხვა ინფორმაცია მსოფლიო ლიტერატურაში არ იძებნება".
ექიმები შემთხვევას იკვლევენ, დამატებით დეტალებს კი სამომავლოდ უნდა ველოდეთ.
კომენტარები