OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია სმარტფონების ჩამნაცვლებელი ტექნოლოგიის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი.

ალტმანმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგია რევოლუციური იქნება და მან ეს ყველაფერი 2007 წელს iPhone-ის გამოჩენას შეადარა. კონკრეტული შედარება შეიძლება შემთხვევითი არ იყოს, რადგან ალტმანი ამ მიმართულებით Apple-ის მთავარ (ყოფილ) დიზაინერთან, ჯონი აივისთან აპირებს თანამშრომლობას.

ალტმანის აზრით, ხელოვნურ ინტელექტს ახალი ინსტრუმენტები სჭირდება, რომლის ხარჯზე ის კიდევ უფრო განვითარდება. როგორც ჩანს, ამისთვის ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი სმარტფონებია, უფრო სწორად ის, რაც მათ ჩაანაცვლებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI არა მხოლოდ (სმარტფონის ჩამნაცვლებელ) მოწყობილობაზე მუშაობს, არამედ საკუთარი ნახევარგამტარების განვითარებასაც გეგმავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია ეძებს როგორც აპარატურის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის საშუალებას — ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ალტმანი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი განსხვავებულ ინტერფეისს საჭიროებს, რომელიც სცილდება სენსორულ ეკრანს.

"ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა იქნება", — თქვა ალტმანმა.

Apple-მა რევოლუცია მომხმარებლების ეკრანთან ინტერაქციის მხრივ მოახდინა. როგორც ჩანს, OpenAI ამ რევოლუციის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ ამჯერად ინტერაქციის ამოსავალი წერტილი ხმა იქნება.

OpenAI უკვე თანამშრომლობს Apple-თან ChatGPT-ის iPhone 16-ში ინტეგრირებისთვის. თუმცა, ალტმანისა და აივის კოლაბორაციამ შეიძლება გააჩინოს სრულიად ახლებური მოწყობილობა, რომელიც სმარტფონის ფუნქციას შეასრულებს, და ამასთან, იდეალურად იქნება მორგებული ხელოვნური ინტელექტის სისტემებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.