მეცნიერები უკვე საუკუნეებია მსჯელობენ, რას შეეძლო პალეოლითის დროინდელი ევროპელების კბილებზე უჩვეულო ლაქების წარმოქმნა. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, რომ მსგავსი კვალი ლოყებზე არსებულ პირსინგებს დაეტოვებინა, რომლებსაც, სავარაუდოდ, 10 წლის ასაკის ბავშვებიც კი ატარებდნენ. ბიოლოგიური ანთროპოლოგის, ჯონ უილმენის, თქმით, ეს პირსინგები, დიდი ალბათობით, კონკრეტულ ჯგუფში მიკუთვნებულობას გამოხატავდა, მაგრამ მათი გაკეთება კბილებზე ზემოქმედებდა.

უილმენმა ამ ჰიპოთეზის შესახებ ნაშრომი გამოცემა Paleolithic Archaeology-ში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში მან ე.წ. პავლოვის კულტურის ათობით ჩონჩხი შეისწავლა. ისინი ცენტრალურ ევროპაში დაახლოებით 25 000-29 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ანალიზში ყურადღება კბილების ცვეთაზეა გამახვილებული.

ადამიანების დაბერების პარალელურად კბილის ემალი ხშირად ცვდება ისეთი განმეორებითი ქმედებების გამო, როგორიც, მაგალითად, ღეჭვაა. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, კბილების ზედაპირის გაბრტყელებას ან დახრილობის ცვლილებას იწვევს იმ ნაწილში, რომელიც ღეჭვაში აქტიურად მონაწილეობს. ამის მიუხედავად, პავლოვის კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ცვეთა ლოყის მხარეს შეინიშნება.

ფოტო: University of Coimbra

ამას მეცნიერი ლაბრეტებს, ანუ ტუჩისა და ლოყის პირსინგებს, უკავშირებს. ისინი უძველეს კულტურებში გამოიყენებოდა, თუმცა პავლოვის ხალხის საფლავებში ლაბრეტების ნაშთები არ აღმოუჩენიათ. სავარაუდოდ, მიზეზი ისაა, რომ ამგვარი პირსინგები ხის ან ტყავის მსგავსი მასალისგან მზადდებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში მარტივად ნადგურდება.

პოტენციური კავშირის დასადგენად უილმენმა ცვეთის მოდელები უფრო დეტალურად შეისწავლა. მან დაასკვნა, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები ლაბრეტებს ბავშვობაში იკეთებდნენ, რადგან ცვეთა სარძევე კბილებზეც დაფიქსირდა. მოზრდილებში ლოყის მხარეს კბილების ზედაპირის ცვლილება უფრო შესამჩნევია, რაც, სავარაუდოდ, ზრდის პარალელურად უფრო დიდი ლაბრეტების გამოყენებითაა განპირობებული.

ისინი უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ თუ სწორად არაა გაკეთებული, შესაძლოა, კბილებისა და ღრძილების დაზიანება გამოიწვიოს. ასევე, ხანგრძლივად გამოყენებისას საფუძვლად დაედოს კბილების არასწორ თანწყობას, რაც ზემოხსენებულ ჩონჩხებზე შეინიშნება.

მეცნიერებს სურთ, რომ ამ კულტურის არქეოლოგიური ნაკვალევი უკეთ შეისწავლონ, რათა პირსინგების პირდაპირ მტკიცებულებას მიაგნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.