მარსი ცივი და სიცოცხლისგან დაცლილი პლანეტაა, მაგრამ იქ შთამბეჭდავი ხედები უხვადაა. ეს პეიზაჟები ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დედამიწაზე ვხედავთ, ამიტომ, პირდაპირი მნიშვნელობით, არაამქვეყნიური სილამაზე აქვს.

მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია და მისი 95% ნახშირორჟანგს (CO₂) უკავია. ზამთრის დადგომისას ეს ნაერთი იყინება და პოლარულ რეგიონებში არსებულ ზედაპირს სქელი ფენით ფარავს, რომელიც თვეების განმავლობაში ნარჩუნდება.

ფოტო: John A. Paulson

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს. მზის სინათლე გაყინული CO₂-ის გამჭვირვალე ფენას გადის და მის ქვეშ მდებარე გრუნტს ათბობს. ამ პროცესის შედეგად, ნახშირორჟანგი სუბლიმაციის გზით აირად მდგომარეობაში გადადის და ყინულის ქვეშ გროვდება. საბოლოოდ, ის სუსტ წერტილებში ყინულს აპობს და გეიზერის სახით იფრქვევა, რასაც ქვემოდან მუქი მატერია ამოაქვს.

ნასას ზონდ Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერამ 2018 წლის ოქტომბერში მარსის ამ გეიზერების კვალი გადაიღო.

ხელოვნურად შექმნილი ილუსტრაცია მარსზე არსებულ გეიზერებს გვიჩვენებს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

ისინი მუქ ლაქებს ქმნის, რომელთა დიამეტრი 1 კილომეტრამდეც აღწევს. წითელ პლანეტაზე გეიზერები საკმაოდ ენერგიულია და მათი ნაკადების სიჩქარე ზოგჯერ 160 კმ/სთ-ს უდრის.

გეიზერების ამოფრქვევის შედეგად ზედაპირზე დატოვებული მუქი ლაქები ზოგჯერ ისეთი ფორმისაა, რომ ობობებს მოგვაგონებს. მეცნიერები მათ ამის გამო ხშირად "ობობასებრი რელიეფის" სახელითაც მოიხსენებენ. ისინი ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული და ზედაპირს დანაოჭებულ იერს აძლევს.

ფოტო: NASA

NASA-ს მეცნიერებმა ამ ლაქების წარმოქმნის პროცესის შესწავლა ექსპერიმენტების გზით სცადეს და ლაბორატორიულ პირობებში მსგავსი ფორმები შექმნეს. "ობობები უცნაური და, ამავდროულად, ლამაზი გეოლოგიური ფორმებია", — აცხადებენ NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში.

მარსის ზედაპირზე "ობობები" ე.წ. კიფერის მოდელის მიხედვით ყალიბდება, რომელიც მეცნიერებმა 2006 წლის კვლევაში აღწერეს.

ფოტო: (NASA/JPL-Caltech/University of Arizona

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სეზონური ყინულოვანი ფენა CO₂-ის გამჭვირვალე ყინულს ქმნის, რომელიც ფსკერიდან სუბლიმაციის გზით ორთქლდება და ყინულის ქვეშ მაღალწნევიანი აირის დაგროვებას იწვევს. ის მაღლა სწევს ყინულს, რომელიც საბოლოოდ სკდება და მაღალი სიჩქარის არხებს ქმნის, საიდანაც ქვიშის ნაწილაკები იფრქვევა, ლაქები ჩნდება და არხები ეროზიას განიცდის", — ამბობენ კვლევის ავტორები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.