2024 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი ტურინის სკალაზე მესამე დონეზეა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწასთან მისი შეჯახების მცირე შანსი არსებობს, რაც 2032 წელს შეიძლება მოხდეს.

ეს ობიექტი, სახელად 2024 YR4, პროექტ Catalina Sky Survey-ის ფარგლებში გასული წლის 25 დეკემბერს დააფიქსირეს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მას დედამიწასთან შეჯახების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე აქამდე აღმოჩენილ ასტეროიდთა უმეტესობას. ამის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ახალი მონაცემები, სავარაუდოდ, ამ პროგნოზს შეცვლის.

გამოთვლების თანახმად, ის ჩვენს პლანეტას ყველაზე მეტად 2032 წლის 22 დეკემბერს მოუახლოვდება. კერძოდ, ობიექტი მინიმალურ 0.00001 ასტრონომიულ ერთეულ დისტანციაზე ჩაგვივლის, რაც დაახლოებით 1 500 კილომეტრის ეკვივალენტურია. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს ძალიან მცირე მანძილია და ზოგიერთი ხელოვნური თანამგზავრის ორბიტაზე უფრო ახლოა. EarthSky-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შანსი დაახლოებით 83-დან 1-ია.

ფოტო: NASA's Eyes On Asteroids

მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი ამჟამად ტურინის სკალაზე მესამე დონეზეა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდგომი დაკვირვებები მას უფრო დაბალ მაჩვენებელს შეუსაბამებს. NASA-ს განმარტებით, მესამე დონე აღნიშნავს "ახლოს ჩავლას, რაც მეცნიერებისთვის საყურადღებოა. ამჟამინდელი გამოთვლებით, შეჯახების 1% ან მეტი შანსი არსებობს, რასაც ლოკალიზებული ზიანის გამოწვევა შეუძლია. ახალი მონაცემების მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, ასტეროიდი ტურინის სკალაზე ნულოვან დონემდე ჩამოვა".

თუ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება, მისი შედარებით მცირე ზომის გამო ეს გლობალურ კატასტროფას არ გამოიწვევს. ზიანის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ დედამიწის რომელ წერტილში დაეცემა 2024 YR4 (თუ ეს საერთოდ მოხდება).

ბოლო წლებში მეცნიერებმა არაერთი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს, რომლებიც ტურინის სკალაზე უსაფრთხო დონეს გასცდა. ერთ-ერთი ასეთი 2004 წელს დაფიქსირებული 99942 აპოფისი იყო. პირველადი დაკვირვებების შედეგად იგი სკალაზე მეორე დონეს შეუსაბამეს, თუმცა შემდეგ ეს მაჩვენებელი მეოთხე დონემდე გაიზარდა. ამ მონაცემების თანახმად, 2029 წელს შეჯახების 1.6%-იანი შანსი არსებობდა, მაგრამ დამატებითმა დაკვირვებებმა ეს საფრთხე გამორიცხა.

სავარაუდოდ, ასტეროიდ 2024 YR4-ის შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.