ახალი კვლევა ცხადყოფს, აფანტაზიის მქონე ადამიანების ტვინი სხვაგვარად ფუნქციონირებს. ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანს რაიმე ობიექტის გამოსახულების წარმოდგენა არ შეუძლია, ანუ "გონების თვალით" ვერ ხედავს. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი ტვინის ქერქის მხედველობითი რეგიონი მაინც აქტიურია და ვიზუალურ ინფორმაციას გამოიმუშავებს, უბრალოდ, ამ სურათების აღქმა ვერ ხერხდება.

ამ მდგომარეობის გაგება რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი უდიდესი ნაწილისთვის ნაცნობი ადგილის ან ნივთის წარმოდგენა ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა, მაგრამ აფანტაზიის მქონე პირების გონება მსგავსი სურათებისგან დაცლილია.

ტერმინი "აფანტაზია" 2015 წელს გაჩნდა. მანამდე ბევრ ადამიანს, ვინც ამას განიცდიდა, არც კი ეგონა, რომ ეს იშვიათი ან უჩვეულო მდგომარეობა იყო. აფანტაზიის მქონეთა ტვინის ფუნქციონირების შესწავლას საფუძველი პროფესორ ადამ ზემანის ადრეულმა კვლევებმა ჩაუყარა. ამ ფენომენის შესახებ ნელ-ნელა მეტს ვიგებთ.

უკანასკნელ კვლევაში მონაწილეობს აფანტაზიის მქონე 14-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა მონაცემებიც 18-კაციანი კონტროლ ჯგუფისას შეადარეს. ორივე კატეგორიას ვიზუალური ტესტირება და ტვინის ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება ჩაუტარდა. მონაწილეებს სთხოვეს, ფერადი ზოლებისთვის შეეხედათ ან ისინი წარმოედგინათ. პარალელურად აპარატმა ტვინის აქტივობის ცვლილებები სისხლში ჟანგბადის დონის მიხედვით გაზომა.

შედეგებმა აჩვენა, რომ აფანტაზიის მქონე ადამიანებს, კონტროლ ჯგუფთან შედარებით, ტვინის ქერქის მხედველობით რეგიონში ნაკლები აქტივობა აღენიშნებოდათ, როცა ზოლებს უყურებდნენ. ამის მიუხედავად, აქტივობა ნარჩუნდებოდა მაშინაც, როცა იმავე სურათის წარმოდგენას ცდილობდნენ. მეცნიერებმა ეს იმპულსები გაშიფრეს კიდეც და დაადგინეს, თუ რისი დანახვა სურდათ ცდისპირებს "გონების თვალით", რომელიც ამის საშუალებას არ აძლევდათ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ამგვარ ინდივიდთა ტვინის მიერ გამოსახულებების ფორმირება, როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპამდე მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო სურათს არ "უჩვენებს". ეს მიუთითებს, რომ გონებაში გამოსახულების წარმოდგენა მხოლოდ ტვინის აქტივობაზე არ არის დამოკიდებული — მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ყალიბდება ეს აქტივობა იმად, რაც აღქმას ექვემდებარება.

ამ დროისთვის აფანტაზიის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მისი შესწავლა დაგვეხმარება, ტვინის მუშაობის სხვა ასპექტები შევისწავლოთ და სხვადასხვა დარღვევისა თუ აშლილობის შესახებ მეტი გავიგოთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.