რატომ "იცვალა ფერი" მზემ 1831 წლის აგვისტოში

ფოტო: GWT/Shutterstock.com
დაახლოებით 200 წლის წინ მზემ, თითქოს, ფერი იცვალა. ამას მოჰყვა ორი წელიწადი, რომელიც უჩვეულოდ გრილი ამინდით გამოირჩეოდა. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ეს მოვლენა ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ზუსტად დაედგინათ, კონკრეტულად რომელი ვულკანი შეიძლება ყოფილიყო ეს.
1831-1833 წლებში გლობალური ტემპერატურა საშუალოდ 1°C-ით დაეცა. ამ პერიოდში ამინდის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა. მაგალითად, 1831 წლის ზაფხულში გერმანელმა კომპოზიტორმა, ფელიქს მენდელსონმა, ალპებში მოგზაურობისას დაწერა, რომ ისე ციოდა, როგორც ზამთარში, ხოლო ახლომდებარე გორაკები უკვე თოვლით იყო დაფარული.
იმავე წლის აგვისტოში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან გავრცელდა ცნობები, რომ მზე უჩვეულო ფერებში ჩანდა — ლურჯად, იასამნისფრად და მწვანედ. ეს ფენომენი მეცნიერებმა ვულკანური მტვრისა და აირების გავლენით ახსნეს, რაც მზის სხივებს განსხვავებულად ფანტავდა და უცნაურად წარმოაჩენდა.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ამოფრქვევა ფილიპინებში ან სიცილიის მახლობლად შეიძლებოდა მომხდარიყო. ახალმა კვლევებმა მეცნიერები სხვა დასკვნამდე მიიყვანა. მათ დაადგინეს, რომ ამოფრქვევის ადგილი ზავარიცკის ვულკანია, რომელიც სიმუშირის კუნძულზე მდებარეობს.
კვლევა შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ყინულის ბირთვებიდან აღებული ნიმუშები გააანალიზეს და ფერფლის ქიმიური შედგენილობა სიმუშირის კუნძულზე ნაპოვნი ფერფლისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მონაცემები ერთმანეთს სრულად ემთხვეოდა, რაც ადასტურებს, რომ ამოფრქვევა სწორედ იქ მოხდა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენას ათწლეულების შრომა და საერთაშორისო თანამშრომლობა უძღოდა წინ. მათი თქმით, ვულკანური ამოფრქვევები დედამიწის კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, ატმოსფეროში აირებისა და ნაწილაკების გამოყოფა ტემპერატურის დროებით დაცემასა და ზოგჯერ ხანგრძლივ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად, 1991 წელს ფილიპინებში პინატუბოს ამოფრქვევამ გლობალური ტემპერატურა 1-3 წლით 0.5°C-ით შეამცირა.
1831 წლის მსგავსი მასშტაბის ამოფრქვევა დღეს რომ მოხდეს, ეს სერიოზულ ზიანსა და არეულობას გამოიწვევს. შესაბამისად, მკვლევრების აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იფიქროს, როგორ მოემზადოს ამგვარი მოვლენებისთვის.
კვლევის შედეგები გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები