ბელგიაში არსებულ რომაულ სასაფლაოზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ჩონჩხი 2500 წლით უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ეს ყველაფერი არაა — დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები სულ მცირე 5 სხვადასხვა ადამიანის ძვლებს შეიცავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ძვლებისგან ჩონჩხი ერთბაშადაა "შექმნილი" და არა ეტაპობრივად. მის გარშემო სხვა ძვლებსაც მიაგნეს, რაც მიანიშნებს, რომ ამ სამარხს დროდადრო იყენებდნენ. ჩონჩხი იქ ჩვილის პოზაში იყო მოთავსებული, რაც რომაული სასაფლაოსთვის უჩვეულოა. ამის მიუხედავად, თავის ქალასთან ახლოს რომაულ ქინძისთავს მიაგნეს, საიდანაც დაასკვნეს, რომ ეს რომაული ეპოქის სამარხი იყო.

2019 წელს მეცნიერებმა რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით დაადასტურეს, რომ კრემატორიუმ-სასაფლაოს ნაშთები მართლაც ზემოხსენებულ ეპოქას ეკუთვნოდა, მაგრამ ჩონჩხის შესწავლამ სხვა შედეგები აჩვენა. მისი ფრაგმენტები ნეოლითის სამი სხვადასხვა პერიოდის აღმოჩნდა (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000-3000 წლები).

ფოტო: Paumen

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ჩონჩხის შესწავლის, რადიონახშირბადული დათარიღებისა და დნმ-ის გაშიფვრის მეთოდები გამოიყენეს. სწორედ ასე დაადგინეს, რომ ძვლები სულ მცირე 5 სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა. რაც შეეხება რომაულ ქინძისთავს, ის ჩვენი წელთაღრიცხვით 69-210 წლებისაა.

თავის ქალა ქალს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. ამან კითხვები გააჩინა, მაგალითად ის, თუ როგორ მოხვდა რომაული პერიოდის ადამიანის თავის ქალა ნეოლითურ სამარხში. ვარაუდობენ, რომ რომაელებმა კრემაციული ნაშთების დამარხვისას ძველი საფლავი შემთხვევით მოშალეს და შემდეგ მდგომარეობის გამოსასწორებლად იქ ჩონჩხის ეს ნაწილი და ქინძისთავი დაამატეს. მეორე მოსაზრებაა, რომ სხვადასხვა ძვალი მიზანმიმართულად გააერთიანეს და ჩვილის პოზის მსგავსად განალაგეს. როდის მოხდა ეს, უცნობია.

ახალი მიგნება ნეოლითური და რომაული პერიოდის ადამიანების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას. როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში საფლავებს მდინარესთან ახლოს თხრიდნენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან მდინარეები და წყლის სხვა ბუნებრივი რეზერვუარები საუკუნეების განმავლობაში გეოგრაფიულად და საკრალურად მნიშვნელოვან ადგილებად მიიჩნეოდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.