როგორ ახერხებს ტვინი, რომ ყოველდღიური მოგონებები ფილმის სცენების მსგავსად შეინახოს
როგორც ფილმია ეპიზოდებად დაყოფილი, ისე დანაწევრებულად ინახავს ჩვენი ტვინი ყოველდღიურ მოგონებებს. პირველში სცენების დასასრულსა და დასაწყისს რეჟისორი წყვეტს, მაგრამ როგორ იქცევა ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანო?
თეორიულად, შესაძლოა, ეს გარემოს ცვლილებას უკავშირდებოდეს (მაგალითად, მაღაზიაში შესვლით ახალი "სცენა" იწყება) ან ტვინი მიჯნას თავად ადგენდეს. ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი მოსაზრება უფრო მართებული უნდა იყოს.
საკითხის გამოსაკვლევად მეცნიერებმა მოხალისეებს მოსასმენად 16 ხანმოკლე აუდიო ნარატივი წარუდგინეს, რომელიც 4 ადგილს მოიცავდა: რესტორანს, სალექციო აუდიტორიას, მაღაზიასა და აეროპორტს. 4 განსხვავებულ სოციალურ სიტუაციას შორის იყო ბიზნესგარიგება, ხელის თხოვნა, დაშორება და პირველი შეხვედრა.
ნარატივების მოსმენის პარალელურად ამ ადამიანებს თავზე ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უღებდნენ. შემდეგ სპეციალური მეთოდით ამ დროის განმავლობაში ტვინის შუა პრეფრონტალურ ქერქში წარმოქმნილი იმპულსები გააანალიზეს. აღნიშნულ რეგიონში ჩვენი გარემოს შესახებ მომენტალური ინფორმაციების აღქმა და ინტერპრეტირება მიმდინარეობს.
აღმოჩნდა, რომ ეს არეალი მაშინ აქტიურდებოდა, როცა აუდიო ნარატივში სოციალური სიტუაციები იცვლებოდა — ბიზნესგარიგების დასრულებისას ან ხელის თხოვნაზე დათანხმებისას. ადგილებზე კონცენტრაციის შემთხვევაში, მოვლენების სეგმენტაცია და ტვინის აქტივობა ცვლილებას განიცდიდა.
დადგინდა ისიც, რომ მოხალისეებმა ვერ დაიმახსოვრეს ის ეპიზოდები, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც მკვლევრებს არ უთხოვიათ. ეს ნიშნავს, რომ თავად ვწყვეტთ, რა დავიმახსოვროთ, ანუ ჩვენი გამოცდილების ნარატივს ვაკონტროლებთ.
"უკანასკნელი შედეგები შთამბეჭდავია, რადგან გვიჩვენებს, რამდენად მოქნილი და აქტიურია ჩვენი მეხსიერება", — აცხადებს კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, დევიდ კლევეტი.
შესაძლოა, ეს მიგნება მეხსიერების გასაუმჯობესებელი თერაპიების დახვეწაშიც დაგვეხმაროს. ავტორები გეგმავენ, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები