ნახეთ: თვითმფრინავი გრიგალ მილტონში შეფრინდა და კადრები გადაიღო

ფოტო: NOAA
თვითმფრინავი სამშაბათს ქარიშხალ მილტონში შეფრინდა და მძლავრი ტურბულენტობა განიცადა. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანამშრომელმა, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ამის ამსახველი ვიდეო გადაიღო.
კადრები NOAA-ს საჰაერო ოპერაციების ცენტრმა გამოაქვეყნა X-ზე (ყოფილი Twitter). ნიკ ანდერვუდის მიერ გადაღებულ ვიდეოში როგორც ქარიშხალია, ასევე თვითმფრინავში არსებული ვითარებაცაა ასახული: აღჭურვილობა და სხვადასხვა ხელსაწყო აქეთ-იქით დაფრინავს, მგზავრები კი თავიანთ სკამებს ეჭიდებიან.
თვითმფრინავი Lockheed WP-3D Orion მოდელია, მეტსახელად "მის პიგი", და გრიგალში გასართობად ნამდვილად არ შეფრენილა. NOAA-ს ფეისბუკპოსტის მიხედვით, "ამ ფრენებით მნიშვნელოვანი მონაცემები გროვდება, რომლებიც პროგნოზების დახვეწაში გვეხმარება და ქარიშხლების კვლევას უწყობს ხელს".
თავად NOAA-ს თვითმფრინავი 1970-იან წლებში შექმნეს, რათა მოხშირებული შტორმების შესახებ მეტი გაეგოთ.
"ამ მისიების მიზანი ძირითადად არის შტორმის ცენტრის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, ცენტრალური წნევის გაზომვა და თვალს გარშემო ზედაპირული ქარების შეფასება", — განაცხადა სიუზან ბიუკენენმა, ამინდის ეროვნული სერვისის დირექტორმა, USA Today-სთან.
ცნობისთვის, ქარიშხალი მილტონი ფლორიდას ხუთშაბათს, დილის საათებში, დაატყდა თავს. ვარაუდობდნენ, რომ იგი მე-5 კატეგორიის გრიგალი იქნებოდა, თუმცა ფლორიდამდე როგორც მესამე კატეგორიის ქარიშხალმა მიაღწია.
მოვლენამ იმაზე ნაკლები ზარალი გამოიწვია, ვიდრე სპეციალისტები თავდაპირველად შიშობდნენ. გრიგალმა შტატი უკვე დატოვა.
კომენტარები