გიგანტური ცხვრის კლონირების გამო 81 წლის კაცს პატიმრობა მიუსაჯეს
მონტანას შტატში მცხოვრებ კაცს ექვსთვიანი პატიმრობა გიგანტური ცხვრის კლონირების გამო მიესაჯა. მას 24 000 დოლარის ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
მონტანას იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 81 წლის არტურ შუბარტმა არალეგალურად შექმნა გენეტიკური ჰიბრიდები. მან ამისთვის სხეულის ქსოვილი გამოიყენა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხვრის ჯიშისგან, არგალის ცხვრისგან აიღო. ცხვრის ამ სახეობის წონა 186 კილოგრამს აღემატება და გიგანტური რქებით გამოირჩევა.
ხელოვნური განაყოფიერებისა და სელექციური გამრავლების მრავალწლიანი პროგრამის მეშვეობით შუბერტი თავის გიგანტურ კლონებს სხვა ადამიანებზე ყიდდა. შუბერტს ამის გამო პასუხის გება მოუწევს, რადგან ცხოველებით უკანონო ვაჭრობა აკრძალულია.
"მისი ქმედებები მონტანას ველურ სახეობებს საფრთხეს უქმნიდა და მას სხვა არაფერი ამოძრავებდა, გარდა ფულის გამომუშავების სურვილი", — თქვა ტოდ კიმმა, გენერალური პროკურორის თანაშემწემ.
შუბარტმა ცხვრის ქსოვილის ნიმუშები ყირგიზეთში მონადირეებისგან 2013 წელს შეიძინა. ის სულ მცირე ხუთ ადამიანთან თანამშრომლობდა. ისინი ცხვრის გენეტიკურ მასალას ლაბორატორიაში ამუშავებდნენ და ამით კლონირებულ ემბრიონებს ქმნიდნენ.
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შუბერტმა წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ მან კლონირებული ცხვარი სხვებთან შეაწყვილა, რათა კიდევ უფრო დიდი ზომის ცხვრები მიეღო. ფულის გამომუშავების მიზნით, მან კლონირებული ცხვრის სპერმა სხვა შტატებშიც გაყიდა.
კლონირებული ცხვრებიდან სულ მცირე ორი გადამდები, ქრონიკული დაავადებით მოკვდა. ექსპერტების თქმით, ამით შეიძლება ცხვრებში ეპიდემია გავრცელებულიყო.
"ეს კარგი მაგალითია იმ სერიოზული საფრთხისა, რომელსაც ცხოველებით უკანონო ვაჭრობა გვიქმნის. ბატონმა შუბერტმა არა მხოლოდ კანონი დაარღვია, მან ეპიდემიის გავრცელების სერიოზული საფრთხეც გააჩინა", — თქვა ედვარდ გრეისმა, აშშ-ს თევზისა და ველური ბუნების სამსახურის სამართალდამცავი სამსახურის დირექტორის თანაშემწემ.
კომენტარები