ახლომდებარე ვარსკვლავთან დედამიწისნაირი მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ბარნარდის ვარსკვლავი, იგივე GJ 699, ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ცალკეული მნათობია (ის სხვა ვარსკვლავებთან ერთ სისტემაში არაა მოქცეული), რომლისგანაც 5.96 სინათლის წელი გვაშორებს. მეცნიერებმა მის ორბიტაზე მცირე ზომის მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, სახელად ბარნარდ b, რომლის მინიმალური მასაც დედამიწის მხოლოდ 37%-ა. ეს ნიშნავს, რომ მისი მასა ვენერასას თითქმის ნახევარჯერ ჩამოუვარდება, მარსისას კი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება.
უკანასკნელი მიგნება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთი პატარა ეგზოპლანეტების დაფიქსირება ძალიან ძნელია. პირველი საყურადღებო მონაცემები ჯერ კიდევ 2018 წელს მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ბარნარდის გარშემო, 0.4 ასტრონომიულ ერთეულ დისტანციაზე, დედამიწაზე სამჯერ მასიური ციური სხეულის არსებობა ივარაუდეს. ამის მართებულობა დღემდე არ დადასტურებულა, თუმცა დამატებითმა დეტალურმა დაკვირვებებმა ბარნარდ b-ის იდენტიფიცირება გახადა შესაძლებელი. ეს ყველაფერი არაა — არ გამორიცხავენ, რომ იქ კიდევ 3 ეგზოპლანეტა იყოს, ვარსკვლავისგან შედარებით მოშორებით.
რაც შეეხება თავად GJ 699-ს, ის წითელი ჯუჯის ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია, შესაბამისად მისი შესწავლა სხვა პლანეტური სისტემებისა და მთლიანად ირმის ნახტომის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ნებისმიერი მნათობის გარშემო მცირე ზომის ციური სხეულის დაფიქსირება გამოწვევებითაა სავსე, რადგან მის არსებობაზე მიანიშნებს გავლენა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის სიკაშკაშეზე ან მოძრაობაზე აქვს. გიგანტური ეგზოპლანეტების შემთხვევაში ეს, მეტწილად, მკაფიოდ ჩანს, რადგან როცა მსგავსი ობიექტი ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის წინ გადაადგილდება, მისი სინათლის ნაწილს შესამჩნევად ბლოკავს.
ბარნარდ b-ის მსგავსი ეგზოპლანეტების ჩავლისას ცვლილება ასეთი თვალშისაცემი არაა, მაგრამ წითელი ჯუჯები ყველაზე პატარა ვარსკვლავებია, ამიტომ მათ ირგვლივ ასეთი ობიექტის აღმოჩენის შანსი უფრო დიდია. თანაც ბარნარდის ვარსკვლავი ჩვენთან ახლოსაა, რაც საქმეს ამარტივებს.
მას მეცნიერები ძალიან დიდი ტელესკოპით დააკვირდნენ და მნათობის ერთგვარი რხევა შენიშნეს, რაც მისი სინათლის ტალღებზეც აისახება. ამ ცვლილების შესწავლით ეგზოპლანეტის მასის დადგენაა შესაძლებელი. ვინაიდან GJ 699-ის რხევის პერიოდულობა 3.15 დღეა, ასკვნიან, რომ ახალაღმოჩენილი ციური სხეული საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას სწორედ ამ დროს ანდომებს. ვარსკვლავთან დისტანცია 0.02 ასტრონომიული ერთეულია, ანუ ბარნარდ b მნათობთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ მაღალი ტემპერატურის გამო სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმებისთვის თავსებადი ვერ იქნება.
ამის მიუხედავად, შესაძლებელია, სასიცოცხლო ზონაში იყოს ის 3 ეგზოპლანეტა, რომელთა არსებობასაც ვარაუდობენ. ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები