ნახეთ: ჯარედ აიზეკმენი ღია კოსმოსში გავიდა — პირველად კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში
ახლახან, თბილისის დროით 12 სექტემბრის 14:48 საათზე, მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენი, 737 კილომეტრ სიმაღლეზე ღია კოსმოსში გავიდა, რაც კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა.
იგი სამოქალაქო ეკიპაჟის წევრია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მისია Polaris Dawn-ის ფარგლებში გაუშვეს. ჯარედ აიზეკმენი ღია კოსმოსში კაფსულის ტიპის აპარატ Dragon Resilience-ის ლუქიდან ავიდა, თუმცა არა მთელი ტანით, და იქ რამდენიმე წუთი დაყო. ამ პროცესის ამსახველი ვიდეო მედიაში უკვე გავრცელდა:
"უკან, სახლში, ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ აქედან დანახული პლანეტა იდეალურია", — განაცხადა აიზეკმენმა ღია კოსმოსში ყოფნისას.
Dragon Resilience-ში კიდევ 3 ადამიანია — სკოტ პოტიტი (რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია), ანა მენონი და სარა გილისი (SpaceX-ის ინჟინრები).
აიზეკმენის შემდეგ ღია კოსმოსში სწორედ სალა გილისი გავიდა, თბილისის დროით 15:04 საათზე. მან და ჯარედმა SpaceX-ის სკაფანდრის მოქნილობა მოსინჯეს, რის პარალელურადაც მათ პირდაპირ რეჟიმში ვადევნებდით თვალს. Dragon Resilience-ის ლუქი საბოლოოდ 15:14 საათზე დაიხურა, მთლიანი პროცესი კი 46 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს, აფრენიდან დაახლოებით 15 საათში, ხომალდმა პლანეტისგან 1 400.7 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, რაც მაქსიმალური დისტანცია იყო. ეს ნიშნავს, რომ Polaris Dawn-ის ეკიპაჟი ყველაზე შორს წავიდა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
კომენტარები