რატომ გასინჯა გეოლოგმა 2.6 მილიარდი წლის წყალი
2016 წელს გეოლოგთა ჯგუფმა კანადის მაღაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. საუბარია წყალზე, რომელიც 2.6 წლის აღმოჩნდა. მკვლევრების თქმით, ეს უძველესი წყალია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ და რაც ასევე საინტერესოა, ერთ-ერთმა მათგანმა ის დააგემოვნა კიდევაც.
ერთი შეხედვით ეს თავზე ხელაღებული საქციელია, მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს.
"თუ თქვენ გეოლოგი ხართ, რომელიც კლდეებს იკვლევს, შესაბამისი მასალა ბევრჯერ გექნებათ 'დაგემოვნებული'. დეგუსტაცია მასალაზე ბევრს გვეუბნება. მაგალითად, რაც უფრო მარილიანია წყალი, მით უფრო ძველი უნდა იყოს ის", — განაცხადა პროფესორმა ბარბარა შერვუდ ლოლარმა, რომელიც ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ბარბარას თქმით, მან უძველეს წყალში თითის წვერი ჩაყო და ის ასე დააგემოვნა. შესაბამისად, შეკითხვაზე, როგორი გემო ჰქონდა წყალს, პასუხი შემდეგია:
"ის ზღვის წყალზე ბევრად უფრო მარილიანი და მწარე იყო", — თქვა მან CNN-თან ინტერვიუში.
და მაინც, შეკითხვაზე, თუ რატომ გასინჯა ასეთი წყალი, ბარბარას პასუხი შემდეგი იყო: "ეს მეცნიერისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან იშვიათად თუ მოგვეცემა შანსი გავსინჯოთ რაიმე, რაც 2.6 მილიარდი წლისაა. ეს რისკი ამად ღირდა. მე ცოცხალი ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ".
როგორც სტატიის თავში ვთქვით, გეოლოგები ამით წყლის ასაკის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნას ცდილობენ. ამიტომ, ბარბარას მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არ ამოძრავებდა.
კომენტარები