50 წელზე მეტია, ადამიანები ასე შორს არ წასულან — Polaris Dawn-ის ეკიპაჟის მიღწევა
კომპანია SpaceX-მა ისტორიული კერძო მისია Polaris Dawn-ის ფარგლებში სამოქალაქო ეკიპაჟი კოსმოსში 10 სექტემბრის 13:24 საათზე გაუშვა. ისინი კაფსულის ტიპის კოსმოსურ აპარატ Dragon Resilience-ში იმყოფებიან, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9-მ აიტანა.
აფრენიდან დაახლოებით 15 საათში ხომალდი პლანეტისგან 1 400.7 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა, რაც მაქსიმალური დისტანცია იყო. ეს ნიშნავს, რომ Polaris Dawn-ის ეკიპაჟი ყველაზე შორს წავიდა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მანამდე მათ დედამიწას ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას 8-ჯერ შემოუარეს.
Dragon Resilience-ში 4 ადამიანია — მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენი; აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სკოტ პოტიტი; სარა გილისი და ანა მენონი, SpaceX-ის ინჟინრები.
მათ ორჯერ მეტ სიმაღლეს მიაღწიეს, ვიდრე NASA-ს Space Shuttle-მა, როცა მან 1990 წელს ორბიტაზე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი განათავსა. ასევე, გადააჭარბეს 1966 წლის მისია Gemini 11-ის ასტრონავტების მაშინდელ რეკორდსაც, რომელიც 1 373 კილომეტრს შეადგენდა.
"ეს ყველაზე შორი მანძილია, სადაც ადამიანები გაემგზავრნენ მას შემდეგ რაც, 50 წელზე მეტი ხნის წინ ასტრონავტებმა მთვარეზე გაიარეს. ჩემი ეკიპაჟის წევრები, სარა გილისი და ანა მენონი, არიან ქალები, რომლებმაც დედამიწისგან ყველაზე შორს იმოგზაურეს, რაც გადასარევია", — განაცხადა ჯარედ აიზეკმენმა.
აღსანიშნავია, რომ Polaris Dawn-ის ეკიპაჟმა ვან ალენის რადიაციულ სარტყელში გაიარა, სადაც მზის ქარის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების სიჭარბეა. ხომალდი რადიაციაზე დასაკვირვებლად საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი, რომელმაც სარტყლის მახასიათებლების შესახებ მონაცემები შეაგროვა.
და მაინც, მისიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჯერ კიდევ წინაა — რადიაციული ზონის შედარებით უსაფრთხო არეალში ყოფნისას ეკიპაჟის წევრები 700 კილომეტრ სიმაღლეზე ღია კოსმოსში უნდა გავიდნენ, რაც კერძო მისიის ფარგლებში პირველად მოხდება.
კომენტარები