ის, რაც Apple-ის ახალი ჭკვიანი საათებისა და ყურსასმენების შესახებ უნდა იცოდეთ
Apple-ის ახალ მოწყობილობებს საზოგადოება ყოველწლიურად ელის. კომპანიის 2024 წლის ღონისძიება ახლახან გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას სმარტფონები, ჭკვიანი საათები და ყურსასმენები წარუდგინეს.
iPhone 16-ის სერიაზე უკვე მოგიყევით (იხილეთ: iPhone 16 — რა ვიცით ახალი თაობის სმარტფონების შესახებ), ახლა კი Apple Watch 10-სა და AirPods 4-ს გაგაცნობთ.
Apple Watch 10
Apple Watch სერია 10-ის ჭკვიანი საათი წინა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. მას 30%-ით უფრო დიდი ეკრანი და თხელი დიზაინი გამოარჩევს. ასევე, ალუმინის მოდელი მუქი შავი გლუვი ზედაპირითაა ხელმისაწვდომი. გაყიდვაშია ბუნებრივი, მოოქროსფრო და ფიქლისფერი ტიტანიც, რომლებსაც კომპანიის განცხადებით, იუველირიისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალება აქვს.
ჭკვიან საათში პატარა დინამიკია ჩაშენებული, რომლითაც მუსიკის ან პოდკასტების მოსმენაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, მისი მცირე ზომის გამო, აუდიო ძალიან მაღალი ხარისხის არაა.
აღსანიშნავია, რომ Apple Watch 10 უფრო სწრაფად იტენება. კერძოდ, სულ რაღაც 30 წუთში ბატარეა 80%-მდე იმუხტება და 18 საათს ძლებს. მასში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მაკონტროლებელი ახალი ფუნქციაც, რომელიც ძილის აპნოეს ნიშნებს აფიქსირებს (მდგომარეობა, როცა ძილში სუნთქვის პროცესი დარღვეულია). ამ პრობლემის გამოსავლენად პაციენტები საავადმყოფოში მთელ ღამეს ათევენ ხოლმე, რათა ექიმმა აპნოეს დიაგნოზი დაადასტუროს. შესაბამისად, ჭკვიან საათში მსგავსი ფუნქციის არსებობა ხელსაყრელია.
Apple Watch 10-ის ეკრანი გარემოში სინათლის დონესაც ერგება და სიკაშკაშეს საჭიროებისამებრ იცვლის. გაუმჯობესებულია წყალგამძლეობაც და მოდელში უკვე წყლის ტემპერატურის სენსორი გვხვდება. ის ცურვის ხანგრძლივობასაც ითვლის და მიმართულებასაც გვიჩვენებს.
მისი ღირებულება 399 აშშ დოლარიდან იწყება.
AirPods 4
კომპანიამ მეოთხე თაობის AirPods-ები წარადგინა. მისი ორი ვარიანტი წინამორბედ AirPods 2-სა და AirPods 3-ს ჩაანაცვლებს.
მასში ახალი H2 ჩიპია, რაც, ამ სტანდარტულ მოდელებს Pro მახასიათებლებს პირველად ანიჭებს. მათ შორისაა პერსონალიზებული სივრცითი აუდიო, რომელიც თავის მოძრაობას დინამიკურად ერგება, ასევე, ხმის იზოლაცია და ციფრულ ასისტენტ Siri-სთან თავის დაქნევით ან გაქნევით კომუნიკაცია. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიოს ხარისხი 16-ბიტ 48 კილოჰერცამდეა გაზრდილი.
დამტენის ფუნქციის მქონე ჩასადები ახლა უფრო კომპაქტურია და Lightning-ის ტიპის შესაერთებელი USB-C-ით არის ჩანაცვლებული. AirPods Pro 2-ში სმენის აპარატის, სმენის დამცავისა და სმენის შესამოწმებელი ფუნქციაც გვხვდება, რასაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა.
AirPods 4-ში გამარტივებულია მუსიკის კონტროლიც, მაგალითად მისი დაპაუზება და ჩართვა. აგრეთვე ზარების წამოწყება და დასრულება
რაც შეეხება AirPods Max-სს, მის შემთხვევაში ასეთი მასშტაბური სიახლეები არ გვაქვს, თუმცა USB-C-ით დატენის შესაძლებლობა აქაც გვეძლევა. ხელმისაწვდომი ფერებია: ნარინჯისფერი, იისფერი, ლურჯი, კრემისფერი და მუქი ნაცრისფერი.
AirPods 4-ის ფასი 129 აშშ დოლარია, ხოლო ხმის აქტიური იზოლაციის რეჟიმის მქონე ყურსასმენი 179 აშშ დოლარი ეღირება.
კომენტარები