UNESCO: შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტით ჰოლოკოსტზე მცდარი ინფორმაცია გავრცელდეს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ, შესაძლოა, საზოგადოებაში ჰოლოკოსტის სიმძაფრის აღქმა დაქვეითდეს.
UNESCO-ს მოხსენების თანახმად, არსებობს რისკი, AI-ს გამოყენებით ჰოლოკოსტზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდეს ონლაინ. შესაძლოა, ეს თავად AI პროგრამების ხარვეზებმა გამოიწვიოს; შესაძლებელია ისიც, რომ სიძულვილის ჯგუფებმა და ჰოლოკოსტის სკეპტიკოსებმა AI გამოიყენონ და ისეთი მასალები შექმნან, რომლებითაც ნაცისტურ დანაშაულებზე უსაფუძვლო ეჭვებს გააჩენს.
ასევე იხილეთ: რუსულმა პროპაგანდამ ყველაზე პოპულარულ ჩატბოტებშიც შეაღწია — მისინფორმაცია და AI
ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ AI-ს ჰოლოკოსტის "დიპფეიკების" შესაქმნელად გამოიყენებენ — რეალურს მიმსგავსებული ფოტოებისა თუ ვიდეოების, რომლებითაც შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჰოლოკოსტი არ მომხდარა ან გაბუქებულია. ეს ანტისემიტიზმს გაამძაფრებს, მე-20 საუკუნის ეს საკვანძო პერიოდი კი, შესაძლოა, ბევრმა სათანადოდ ვეღარ შეაფასოს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ AI-ზე მომუშავე ზოგიერთი პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისტორიულ ფიგურათა სიმულაციებს ეკონტაქტონ. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა, სხვა ნაცისტებთან ერთად, ადოლფ ჰიტლერიც არის.
"თუკი დავუშვებთ, რომ AI-ს უპასუხისმგებლო გამოყენებით ჰოლოკოსტის საზარელი ფაქტები შეილახოს, დამახინჯდეს და გაყალბდეს, ანტისემიტიზმის უკონტროლო გავრცელებას ვრისკავთ; თანდათანობით, შესაძლოა, ამ სისასტიკეების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ცნობიერებაც დაგვიქვეითდეს", — განაცხადა ოდრი აზულეიმ მოხსენების თანმდევ უწყებაში.
AI განათლებაში, კვლევებსა და წერით საქმეში უკვე ფართოდ გამოიყენება. შედეგად იზრდება რისკი, რომ არასანდო მონაცემებისა და "AI ჰალუცინაციების" (AI-ს მიერ გენერირებული არარეალური ინფორმაცია) გამო საზოგადოებამ არასწორად გაიგოს ზოგიერთი მოვლენა, მათ შორის ჰოლოკოსტიც.
მსგავსი რამ ზოგჯერ უნებლიედ ხდება — AI პროგრამები მსოფლიოს შესახებ ცოდნას ქსელში არსებული მონაცემებიდან იღებს, ქსელში კი ყველაფერი სწორად სულაც არ წერია; შედეგად, შესაძლოა, პროგრამამ ჰოლოკოსტის შესახებ არასრული ან შეცდომაში შემყვანი პასუხები გაგვცეს.
UNESCO-ს მოხსენება ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, რომ AI-ს განვითარებისა და გამოყენების კუთხით ეთიკური წესები შეიმუშაონ, რათა არასანდო ინფორმაციის გავრცელების რისკები შემცირდეს; მიზანია ისიც, რომ ეს პროგრამები ვინმემ მიზანმიმართულად არ გამოიყენოს ძალადობის წახალისებისა და ჰოლოკოსტზე სიცრუის გავრცელების მიზნით.
ორგანიზაციამ მოხსენება ებრაელთა მსოფლიო კონგრესთან პარტნიორობით გამოაქვეყნა 2024 წლის 17 ივნისს.
კომენტარები