აღმოაჩინეს წყალქვეშა მთა, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ცათამბჯენზე ოთხჯერ უფრო მაღალია
ოკეანოგრაფებმა გიგანტური წყალქვეშა მთა აღმოაჩინეს.
ოკეანოგრაფებმა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე ბევრად უფრო მაღალი წყალქვეშა მთა აღმოაჩინეს. მკვლევრებმა ეს კალიფორნიის შმიდტის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით შეძლეს.
წყნარ ოკეანეში ჩილეს სანაპიროდან 1448 კილომეტრის დაშორებით მდებარე ეს მთა 3 109 მეტრის სიმაღლისაა. ამ ადგილზე არის უძველესი მარჯნები და წყლის იშვიათი სახეობები, მათ შორის კალმარის ახალი სახეობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
მკვლევრები რეგიონს 28-დღიანი ექსპედიციის დროს იკვლევდნენ. მათ მთის რუკა გემის კორპუსის ქვეშ არსებული სპეციალური სისტემის გამოყენებით შეადგინეს.
"ჩვენ ამისთვის ხმოვან ტალღებს ვიყენებთ, რომლებიც აღწევს ზედაპირამდე და უკან ბრუნდება. სწორედ ამით დგინდება ბევრი რამ ფსკერის ტოპოგრაფიაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროისთვის ზღვის ფსკერის ძალიან მცირე ნაწილს ვიცნობთ. ეს მაშინ, როცა ზღვის ფსკერი პლანეტის ზედაპირის 71%-ს ფარავს", — თქვა ჯიოტიკა ვირმანმა, ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ოკეანოგრაფების შეფასებით, მსოფლიოში სულ მცირე 100 000 ისეთი წყალქვეშა მთაა, რომელიც სიმაღლეში 1 000 მეტრს სცდება. ასეთი მთები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ჰაბიტატებს სხვადასხვა სახეობებისთვის. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ მთას, ის უფრო დიდია, ვიდრე ოლიმპოს მთა საბერძნეთში, რომლის სიმაღლეა 2 917 მეტრია. მეტიც, ის თითქმის ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (ბურჯ ხალიფა).
მკვლევრების თქმით, სამი ექსპედიციის განმავლობაში მათ უკვე 25 წყალქვეშა მთა აღმოაჩინეს. იანვარსა და თებერვალში ჩატარებული ბოლო ორი ექსპედიცია 150-მდე ახალი სახეობის აღმოჩენით გამოირჩა.
კომენტარები