Neuralink-ის პირველი პაციენტი იმპლანტს უცხო ენების შესასწავლად იყენებს
Neuralink-ის პირველი პაციენტი კვლავ ყურადღების ცენტრშია. 7 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნოლანდ არბოს ტვინის იმპლანტი ჩაუდგეს და ამ დროში მან ჩვენი ყურადღება ბევრჯერ მიიპყრო.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ თამაშობს ის ვიდეოთამაშებს გონებით და, აი, ახლა არბო იმპლანტის გამოყენებით უცხო ენას სწავლობს.
X-ზე ვრცელ პოსტში არბომ აღნიშნა, რომ დღეში დაახლოებით სამ საათს ფრანგულისა და იაპონური ენის შესწავლაში ხარჯავს. ბუნებრივია, ის ამას იმპლანტის გამოყენებით აკეთებს.
გარდა ამისა, ის დღეში დაახლოებით ოთხ საათს Neuralink-ის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. ეს იმისთვის, რათა დახვეწონ იმპლანტის გამოყენების შესაძლებლობები და მომავალში ახალ პაციენტებს ცხოვრება გაუმარტივონ.
არბოს ჩიპი წლის დასაწყისისთვის ჩაუდგეს, რის შემდეგაც მას კომპიუტერის კურსორის მოძრაობა ფიქრით შეუძლია. სწორედ ასე, ახლა ის ციფრულ სამყაროსთან ბევრად უფრო ადაპტირებულია.
არბოს პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა.
ახლა არბოს სწავლის გაგრძელებაც სურს, კერძოდ ნეირომეცნიერების მიმართულებით. მეტიც, მისი თქმით, ის FDA-ის ნებართვას ელოდება, რათა ისეთი ტექნოლოგიების გონებით მართვა დაიწყოს, როგორიცაა ავტომობილი, დრონი და რობოტები.
კომენტარები