არქეოლოგებმა პოლონეთში 500 წლის წინანდელი ფარგალი აღმოაჩინეს, მეტალის ხელსაწყო, რომელიც კარტოგრაფიაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში ზუსტი გამოთვლებისთვის გამოიყენებოდა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ნიკოლაი კოპერნიკს ეკუთვნოდეს. რენესანსის პერიოდის ამ მეცნიერმა მზის სისტემის ჰელიოცენტრული მოდელი შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო მოძრაობს, ანუ ჩვენ სამყაროს ცენტრი სულაც არ ვართ, როგორც მანამდე გეოცენტრიზმის თანახმად მიაჩნდათ.

ფარგალს არქეოლოგებმა მიწისქვეშა გვირაბების ქსელში მიაკვლიეს, რომელიც ფრომბორკის კანონიკური ბაღების ქვეშაა. კოპერნიკმა სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ ამ ქალაქში გაატარა. ახალი მიგნების შესახებ ინფორმაცია მეცნიერებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს პოლონეთში აღმოჩენილი მესამე ასეთი ეგზემპლარია.

სპეციალისტებმა გვირაბების გამოსაკვლევად მიწაში შეღწევის უნარის მქონე სარადარო ტალღების ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც შიდა სტრუქტურა შეისწავლეს. შემდეგ უკვე გათხრების პროცესი დაიწყო და გვირაბების ქსელში შესასვლელს მიაგნეს.

ამასთან, აღმოაჩინეს ზემოხსენებული ფარგალი, რომელიც XV-XVI საუკუნით დათარიღდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ის ნიკოლაი კოპერნიკს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ბაღებში დიდ დროს ატარებდა. ის იმ პერიოდში ქალაქის კათედრალის კანონიკოსი იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი სამეცნიერო ხელსაწყოების მიკვლევა ისტორიული მნიშვნელობისაა.

როგორც ცნობილია, 8 აგვისტოს ფარგალი ნიკოლაი კოპერნიკის მუზეუმს გადაეცა, რომლის კოლექციაშიც კიდევ ერთი ასეთი ექსპონატი ინახება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.