ნახეთ: ჩინური რაკეტა ტესტირებისას შემთხვევით აფრინდა და განადგურდა
პეკინში დაფუძნებული კერძო კომპანია Space Pioneer-ის ახალი რაკეტის Tianlong-3 ტესტირება აფეთქებით დასრულდა.
30 ივნისს ხენანის პროვინციის ქალაქ გუნიში რაკეტის საცდელ რეჟიმში, ადგილზე, ამუშავება იგეგმებოდა ისე, რომ არ აფრენილიყო. სპეციალისტებმა მისი ძრავები აამოქმედეს, მაგრამ ამ დროს გასაშვებ პლატფორმაზე აპარატის ფიქსაციისთვის საჭირო მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა და ის ვეღარ შეაკავა.
შედეგად, Tianlong-3 მოულოდნელად მაღლა აიჭრა. ამის მიუხედავად, მისი შემთხვევითი მისია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან აფრენიდან სულ რაღაც 50 წამში რაკეტა ქალაქის გორაკიან არეალში ხმელეთს შეეჯახა და ცეცხლში გაეხვა.
აფეთქების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა:
როგორც ცნობილია, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ Tianlong-3 ჯერ კიდევ გაუმჯობესების პროცესშია. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, იქონიებს თუ არა გავლენას უკანასკნელი ინციდენტი მისი სამომავლო ტესტირებების ქრონოლოგიაზე.
საინტერესოა, რომ ამ აპარატის სახელი "ზეციურ დრაკონს" ნიშნავს. გეგმის მიხედვით, საბოლოო მოდელს დედამიწის დაბალ ორბიტაზე 17 ტონა ტვირთის ატანა შეეძლება, როცა მისი წინამორბედის, Tianlong-2-ის, ლიმიტი დაახლოებით 2 ტონა იყო.
ჩინური კერძო კომპანიის ეს რაკეტა SpaceX-ის Falcon 9-ის მსგავსი ტექნოლოგიის მიხედვითაა შექმნილი, ამიტომ ნახევრად მრავალჯერადი გამოყენების უნდა იყოს, რაც ქვეყნის კოსმოსური მისიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
კომენტარები