მკვლევრებმა გამოავლინეს ცილები, რომლებიც ჩვენს გონებაში გრძელვადიანი მოგონებების ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, თუ როგორ ვინარჩუნებთ მოგონებებს ბავშვობიდან და როგორ მოგვყვება ის სიცოცხლის ბოლომდე.

საუბარია მოლეკულა KIBRA-ზე. KIBRA სხვა მოლეკულებისთვის "წებოს" როლს ასრულებს და მათ ერთმანეთზე ამაგრებს.

ხანგრძლივი მეხსიერების შენარჩუნების მექანიზმის გაგების საჭიროება

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ინფორმაცია ნეირონებში ძლიერი და სუსტი სინაფსების სახით ინახება. სწორედ სინაფსები განსაზღვრავს ნერვული ქსელის კავშირის ტიპს და ფუნქციას.

მკვლევრებმა ყურადღება სინაფსებზე გაამახვილეს. მათ აინტერესებდათ თუ როგორ ინარჩუნებს სინაფსი მეხსიერებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სინაფსების შიგნით არსებული მოლეკულები მუდმივად მოძრაობენ. შესაბამისად, ეს მოლეკულები მუდმივად იცვლება. მკვლევრებს სურდათ გაეგოთ თუ როგორ ნარჩუნდებოდა ასეთ გარემოში გრძელვადიანი მეხსიერება.

მკვლევრებმა ყურადღება თაგვებში თირკმელსა და ტვინში გამოხატულ ცილაზე (KIBRA) გაამახვილეს. ცნობილია, რომ KIBRA-ს გენეტიკური ვარიაციები ადამიანებშიც კარგ ან ცუდ მეხსიერებასთან ასოცირდება.

თუმცა, ამჯერად, მკვლევრები KIBRA-ს სხვა მოლეკულებთან ინტერაქციაზე ფოკუსირდნენ. მაგალითად, ასეთია PKMzeta, ცილა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების ფორმირებისთვის.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ KIBRA-ს გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებაში მთავარი როლი აქვს. კვლევაში ნათქვამია, რომ KIBRA მოქმედებს როგორც წებო ძლიერი სინაფსების, PKMzeta-სა და სუსტი სინაფსების დასაკავშირებლად.

შედეგები

"წინა კვლევები ორიენტირებული იყო ცალკეული მოლეკულების ინდივიდუალურ ქმედებებზე. ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს მოლეკულები ერთად. სწორედ ამით ხდება მუდმივი მეხსიერების უზრუნველყოფა. იმის უკეთ გაგება, თუ როგორ ვინახავთ მეხსიერებას, დაგვეხმარება მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ KIBRA-PKMzeta კავშირის გაწყვეტამ შეიძლება ძველი მოგონებები წაშალოს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.