რამდენად ხშირია ჰომოსექსუალობა ცხოველებში
მეცნიერები ცხოველების სექსუალურ ცხოვრებას აქტიურად სწავლობენ. ბუნებაში ხშირად ფიქსირდება ჰომოსექსუალური ქცევები, მაგრამ ეს დაკვირვებები აკადემიურ ლიტერატურაში შედარებით იშვიათად ხვდება.
ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მკვლევრებმა ამ თემაზე 65 ექსპერტთან ისაუბრეს. მათ აინტერესებდათ თუ რამდენად ხშირია ჰომოსექსუალური ქცევები ცხოველთა სამყაროში.
ასევე: ცხოველთა სამყაროში ჰომოფობია არ არსებობს
აღმოჩნდა, რომ ექსპერტების 77%-ს ცხოველებში ჰომოსექსუალური ქცევები დაფიქსირებული ჰქონდა, მაგრამ მარტო 48%-მა შეაგროვა ამაზე მონაცემები და მხოლოდ 19%-მა გამოაქვეყნა თავისი დასკვნები.
თავად ექსპერტების თქმით, ისინი კონკრეტული თემით დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკა ამ საკითხს არ "სწყალობდა". ამას ემატებოდა ის ფაქტორიც, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთსქესიანთა ურთიერთობების წინააღმდეგ კანონები მოქმედებს.
"ხშირად მკვლევრები ამ მიმართულებით საინტერესო მიგნებებს აწყდებიან, მაგრამ იმის გამო, რომ მათ რეგიონში ეს თემა ტაბუირებულია, კვლევები გამოუქვეყნებელი რჩება", — აღნიშნულია PLOS One-ში.
ბუნებაში ჰომოსექსუალობა მიღებულია
მკვლევრების თქმით, სწორედ ასეთი შეზღუდვები აჩენს საზოგადოებაში სტერეოტიპებს, რის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა სრულიად არაბუნებრივად აღიქმება.
"ვფიქრობ, ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ერთსქესიანთა სექსუალური ქცევა გავრცელებული და ბუნებრივია ცხოველთა სამეფოში", — განაცხადა ანთროპოლოგმა, კარინ ანდერსონმა.
მკვლევრების თქმით, ჰომოსექსუალური ქცევა დაახლოებით 1 500 სახეობაშია დაფიქსირებული.
"სადაც არ დააკვირდები მსგავს ქცევას ყველგან პოულობ, იქნება ეს ობობებში, კალმარებში, მაიმუნებში თუ სხვაგან. ეს ჩანს ევოლუციური ხის თითქმის ყველა ტოტში", — ამბობენ მკვლევრები.
ცხოველების ჰომოსექსუალურ ქცევას უამრავი მიზეზი განაპირობებს. ზოგჯერ ამას ჰეტეროსექსუალი პარტნიორების ნაკლებობა იწვევს, ზოგჯერ კი უბრალოდ სიამოვნებისთვის ან სოციალური კავშირების გამყარებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის ხდება.
ასევე: რეზუს მაიმუნებში მამრებს მამრებთან უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე მდედრებთან
მეტიც, ასეთი ცხოველების უმეტესობა მხოლოდ ჰომოსექსუალი არ არის — ისინი საპირისპირო სქესთანაც ჯვარდებიან, თუნდაც გამრავლების მიზნით, თუმცა არსებობს გრძელვადიანი მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობის მაგალითებიც, რომლებიც ბოლოს ოჯახის ჩამოყალიბებამდეც მისულა.
კომენტარები