ურჩხულის გამოღვიძება — ასტრონომებმა შავი ხვრელის უეცარი გააქტიურება დააფიქსირეს
2019 წლის დეკემბერში ასტრონომებმა პალომარის ობსერვატორიიდან უჩვეულო რამ დააფიქსირეს: ჩვენგან დაახლოებით 300 მილიონი წლით დაშორებული გალაქტიკის ბირთვი მოულოდნელად აკაშკაშდა. ამ 4 წელში მისი ელვარება ხან ძლიერდება და ხან სუსტდება, მაგრამ ის მაინც დღემდე შესამჩნევია.
ეს მსგავსი ნათებისთვის საკმაოდ დიდი დროა, რის გამოც ამ ფენომენს მეცნიერები "უპრეცედენტოს" იწოდებენ. ახალი ნაშრომის თანახმად, შესაძლოა, ეს გალაქტიკა SDSS1335+0728-ის ცენტრში არსებული შავი ხვრელი იყოს, რომელმაც "გამოიღვიძა". ის მანამდე, სულ მცირე ორი დეკადის განმავლობაში, აქტიურობით არ გამოირჩეოდა.
სპეციალისტების ვარაუდით, ამ ობიექტმა გარშემო არსებული აირის შთანთქმა დაიწყო. სანამ ამგვარი მატერია შავ ხვრელში ჩაედინება, ის ძალიან ცხელდება და გასაოცარ ნათებას წარმოქმნის. თუ მართლაც აღწერილ პროცესთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს პირველი შემთხვევაა, როცა შავი ხვრელის გააქტიურება რეალურ დროში დავაფიქსირეთ.
ეს ობიექტი მზეზე მილიონჯერ მასიურია. მას დიდი ხანია, აკვირდებიან, მაგრამ ასეთი ელვარება აქამდე არასდროს შეუნიშნავთ. ძველი და ახალი სურათების შედარებამ აჩვენა, რომ გალაქტიკის ბირთვი ახლა სხვადასხვა სპექტრულ დიაპაზონში უფრო მეტად კაშკაშებს, მათ შორის ულტრაიისფერში, ოპტიკურსა და ინფრაწითელში.
შესაძლოა, ამის მიზეზი ვარსკვლავი გამხდარიყო, რომელიც შავ ხვრელს ზედმეტად მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, მძლავრი გრავიტაცია მნათობს გაანადგურებდა და მის შემადგენელ მატერიას შთანთქავდა. როგორც წესი, ამას მინიმუმ ასობით დღე სჭირდება.
ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან ისეთი ენერგიული მოვლენა არ უნდა იდგეს, როგორიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაა. ეს მაშინ ხდება, როცა მნათობში წყალბადის მარაგი იწურება და ის კოლაფსს განიცდის.
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით ძნელი სათქმელია, აქედან რომელი სცენარი შეესაბამება სიმართლეს. ამაზე მეტის გასაგებად საჭიროა, შავ ხვრელზე დაკვირვება განვაგრძოთ", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები