საბერძნეთში უჩვეულო წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს — მეცნიერები მის რაობაზე მსჯელობენ
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს. არქეოლოგები მას 4 ათასი წლით ათარიღებენ და ფიქრობენ, რომ ნაგებობას მინოსურ რიტუალებში იყენებდნენ.
ლაბირინთის მსგავსი შენობა გორაკის წვერზე მდებარეობს. იგი რვა ზედნადები ქვის რგოლისგან შედგება, რომლებსაც პატარა კედლები კვეთს და ერთგვარ ოთახებს ქმნის. აღმოჩენის შესახებ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა.
უნიკალური სტრუქტურის დიამეტრი 48 მეტრს შეადგენს. იგი კრეტის დედაქალაქიდან, ჰერაკლიონიდან, დაახლოებით 51 კილომეტრში აღმოაჩინეს. ეს მაშინ, როცა ახალი აეროპორტისთვის სადაზვერვო რადარების სისტემას ამონტაჟებდნენ. უძველეს ნაგებობას, როგორც ჩანს, ორი მთავარი ზონა ჰქონდა: ცენტრში 15 მ. დიამეტრის მქონე წრიული შენობა და გარშემო მისგან გამომავალი კედლები.
აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტების მიხედვით, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შენობა ძვ. წ. 2000-1700 წლებში უნდა აგებულიყო, მინოსის კულტურის შუა პერიოდში.
მოკლედ მინოსის კულტურის შესახებ
დაახლოებით ძვ. წ. 3000-1100 წლებში მინოსელებმა ერთ-ერთი პირველი კომპლექსური ევროპული კულტურა შექმნეს კუნძულ კრეტაზე. მათგან საგულდაგულოდ დამუშავებული კერამიკის, პატარა ქანდაკებების, სამკაულებისა და ფრესკების არაერთი ნიმუში შემოგვრჩა, თუმცა მინოსის კულტურის დამწერლობა ბოლომდე გაშიფრული დღესაც არ არის.
ცივილიზაციის ნგრევის შემდეგ მინოსელები უმეტესად მიივიწყეს, სანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში სერ ართურ ევანსმა არქეოლოგიური სამუშაოები არ ჩაატარა. სწორედ ამ მეცნიერმა შემოიღო ტერმინი "მინოსელი" (მითოლოგიური მეფე მინოსის მიხედვით).
ცნობისთვის, უძველესი სასახლე კნოსოსი მინოსური არქიტექტურის საუკეთესო ცნობილი მაგალითია. მისი ცენტრალური სივრცე ღიაა და გარს კორიდორებით შეკავშირებული პატარა ოთახები აკრავს ერთგვარი ფრთების სახით. მინოსის მასიურ სტრუქტურებს, როგორც წესი, სასახლეებს უწოდებენ, თუმცა მათ რეალურად ადგილობრივი ადმინისტრაციული აქტივობებისთვის უფრო იყენებდნენ და არა საცხოვრებლად.
რისთვის იყენებდნენ ლაბირინთის მსგავს ნაგებობას?
კულტურის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, არც ახლად აღმოჩენილ შენობას იყენებდნენ საცხოვრებლად. ტერიტორიაზე უამრავი ცხოველის ძვალია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაგებობაში თემი პერიოდულად რიტუალურ ნადიმებს მართავდა საკვებით, ღვინითა და სხვა შესაწირებით.
საგულისხმოა, რომ სტრუქტურას სხვა უძველეს მონუმენტურ ნაგებობებს ვერ შევადარებთ. თუ კნოსოსის მსგავსი შენობები კვადრატული ან მართკუთხა ფორმისა იყო, ახლად აღმოჩენილი სტრუქტურა მრგვალია, ეს კი მინოსურ სამარხებში უფრო ხშირია.
არქეოლოგიური სამუშაოები ჯერაც გრძელდება, ამიტომ მკვლევრებმა შენობის ზუსტი ფორმა ან სიმაღლე ჯერ არ იციან. იგეგმება შენობის დაცვა და დამატებითი კვლევები იმის გასაგებად, თუ რისთვის იყენებდნენ მას.
კომენტარები