10 ყველაზე დიდი სიახლე, რომლებიც Apple-ის კონფერენციიდან გავიგეთ
Apple-მა ახლახან კონფერენცია WWDC24 გამართა, სადაც ახლო მომავალში მოსალოდნელი ცვლილებები წარადგინა. სიახლეებია როგორც მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების, ასევე ოპერაციული სისტემების განახლების კუთხითაც.
სტატიაში 10 ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ:
1. iPhone-ს, iPad-სა და Mac-ს Apple-ის პირველი AI სისტემა ემატება
ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდი აქტუალურობის გათვალისწინებით, Apple საკუთარ AI სისტემას უშვებს. Apple Intelligence კომპანიის ახალი კერძო სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ძლიერ გენერაციულ მოდელს ჩვენს მოწყობილობებში მოაქცევს. შედეგად Apple-ის აპლიკაციებში არაერთი ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ, სურათების გენერირება იქნება ეს თუ ტექსტების შეჯამება.
Apple Intelligence-ში უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიექცევა. სისტემა თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად ოპტიმალურ გზას აირჩევს. იგი ავტომატურად გადაწყვეტს, მონაცემები მოწყობილობაზე დაამუშაოს თუ Apple-ის კერძო სერვერების გამოყენებით.
სისტემა უფასო იქნება. იგი ხელმისაწვდომი იქნება iPhone 15 Pro-ზე, ასევე M1 (ან უფრო ახალი) ჩიპის მქონე iPad-ებსა და Mac-ებზე.
2. ხელოვნური ინტელექტი Siri-საც გააუმჯობესებს
AI ფუნქციებს კომპანია Siri-საც დაამატებს. განახლების შედეგად ხმოვანი ასისტენტი iPhone-ში უფრო საფუძვლიანად იქნება ინტეგრირებული და მოწყობილობის კიდეში პულსირებადი განათების სახით გამოჩნდება. უკეთ იქნება შესაძლებელი აპლიკაციების მართვაც — შეგეძლებათ, ხმოვან ასისტენტს კონკრეტულ მეილში სთხოვოთ ინფორმაციის მოძიება ანდა კონკრეტული მეგობრის სურათი აპოვნინოთ.
იმისათვის, რომ Siri-მ მომხმარებლის ნათქვამი უკეთ გაიგოს, Apple დიდ ენობრივ მოდელებს (LLM-ები) ეყრდნობა. ვინაიდან LLM-ები ქართულად კარგად არ საუბრობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ენაზე ამ ფუნქციების გამოყენებაც გაგვიჭირდება.
3. Siri-ს ChatGPT ემატება
განახლების ფარგლებში Siri-ს ChatGPT, OpenAI-ს შექმნილი ჩატბოტი, დაემატება. Siri ავტომატურად განსაზღვრავს, რამდენად მოერგება თქვენი თხოვნა ChatGPT-ს. შემდეგ იგი ნებართვას გთხოვთ და თანხმობის შემთხვევაში შეკითხვას ჩატბოტს გაუგზავნის. Siri-ს გავლით შეგეძლებათ, ChatGPT უფასოდ, ანგარიშის გარეშე გამოიყენოთ.
4. ახალი AI ფუნქციები სხვა აპლიკაციებსაც ემატება
iOS 18-ის ფარგლებში Apple ახალ AI ფუნქციებს შემოგვთავაზებს, მათ შორის მეილების შეჯამებისა და პასუხების გენერირების შესაძლებლობას.
ამას გარდა, კომპანიამ ახალი Genmoji ფუნქცია წარადგინა. იგი საშუალებას მოგცემთ, ტექსტური მითითების საფუძველზე თქვენივე გემოვნებით შექმნათ ემოჯი; ხელმისაწვდომი იქნება AI სურათების გენერატორიც, სახელად Image Playground.
AI ფუნქციები ფოტოების აპლიკაციასაც, Photos-საც, დაემატება. შესაძლებელი იქნება, სურათები ბუნებრივი ენის გამოყენებით მოვძებნოთ და ფონიდან სხვადასხვა ობიექტი გავაქროთ (როგორც ეს Google-ის Magic Eraser-ის მეშვეობით კეთდება).
Notes და Phone აპლიკაციებს ტრანსკრიპტების გაკეთებისა და ტექსტების შეჯამების ფუნქციები დაემატება, რომლებიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება.
5. iOS 18 მომხმარებელზე მეტად მორგებული გახდება
iOS 18-ს ახალი Control Center დაემატება, რომელსაც საკუთარ გემოვნებასა და საჭიროებებს უკეთ მოარგებთ. შესაძლებელი იქნება ისიც, რომ ეკრანზე ხატულები მომხმარებლის სურვილისამებრ მოთავსდეს.
ამას გარდა, განახლების ფარგლებში ზოგიერთი აპლიკაციის დაბლოკვის საშუალებაც გექნებათ — თუკი მობილურს სხვა ადამიანი დაიჭერს, იგი ამ აპლიკაციებს თქვენ გარეშე ვერ გამოიყენებს.
დიდი სიახლეა ისიც, რომ განახლდება Photos აპლიკაციის დიზაინი, iPhone-ს კი Game Mode, თამაშის რეჟიმი, დაემატება, რომელიც თამაშის დროს ფონურ აქტივობას მინიმუმამდე დაიყვანს.
6. iPhone-ები RCS მხარდაჭერას მიიღებს
კომპანიამ RCS ჯერ კიდევ შარშან დააანონსა, ახლა კი ადასტურებს, რომ მას iOS 18-ზე შევხვდებით. Apple-ს ამის შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია.
სიახლეებია iMessage აპლიკაციაშიც: შესაძლებელი იქნება შეტყობინებების დაგეგმვა და SMS-ების სატელიტების მეშვეობით გაგზავნა. შეგეძლებათ ტექსტის გამუქება, ხაზგასმა და დახრაც.
7. ახალი აპლიკაცია Passwords ანგარიშში შესვლის დეტალებს აღრიცხავს
Apple-მა ახალი აპლიკაცია Passwords წარადგინა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობაში თქვენი შესვლის დეტალებს აღრიცხავს. იგი პაროლების შექმნისა და შენახვის საშუალებას მოგცემთ — დაახლოებით ისე, როგორც ამას LastPass და 1Password აკეთებს.
Passwords ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, iPadOS-ზე, macOS-ზე, visionOS-სა და Windows-ზეც კი.
8. iPadOS 18-ს კალკულატორის აპლიკაცია ემატება, რომელზეც Apple Pencil იმუშავებს
გამოშვებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ iPad-ებს კალკულატორის აპლიკაცია ემატება. მას ახალი ფუნქცია Math Notes ექნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, განტოლებების საწერად ფანქარი Apple Pencil გამოიყენოთ, აპლიკაცია კი ამოცანას ამოხსნის.
კომპანია Smart Script ფუნქციასაც უშვებს, რომელიც მანქანური დასწავლის გამოყენებით ჩანაწერებში თქვენს კალიგრაფიასა და მართლწერას გააუმჯობესებს.
9. visionOS 2-ს სივრცული ფოტოები და ულტრაფართო Mac დისპლეი ემატება
კომპანიამ visionOS 2 დააანონსა — ოპერაციული სისტემის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. Vision Pro-ს ერთ-ერთი ახალი ფუნქცია მანქანურ დასწავლას იყენებს, რათა არსებულ სურათს სიღრმე შესძინოს. განახლების ფარგლებში ვირტუალური ულტრაფართო Mac დისპლეის მხარდაჭერაც იქნება, მატარებლებისთვის მგზავრობის რეჟიმის მხარდაჭერასთან ერთად.
იგეგმება, რომ Vision Pro მეტი ქვეყნისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. მათ შორისაა: ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.
10. საკუთარი iPhone-ით სარგებლობას macOS 15-იდანაც შეძლებთ
macOS-ის განახლება საშუალებას მოგცემთ, აიფონი Mac-ზე ასახოთ. გამოდის, iPhone-თან ინტერაქცია პირდაპირ Mac-იდან იქნება შესაძლებელი, მათ შორის შეტყობინებების ნახვა და მობილურიდან ჩართული აუდიოს მოსმენა.
Safari-ს ახალი ფუნქცია Highlights დაემატება, რომელიც მანქანური დასწავლის გამოყენებით გვერდის საინტერესო მონაკვეთებს ამოარჩევს.
Apple-ის ამ და სხვა სიახლეების შესახებ მეტს ამ ვიდეოდან შეიტყობთ:
კომენტარები