Starliner-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა შედგა!
5 ივნისს, თბილისის დროით 18:52 საათზე, Boeing Starliner პირველი ეკიპაჟიანი მისიის ფარგლებში წარმატებით აფრინდა.
ის დედამიწის ორბიტაზე ამერიკული კომპანიის United Launch Alliance (ULA) მიერ შექმნილი რაკეტით Atlas V კანავერალის კონცხზე არსებული აშშ-ის კოსმოსური ძალების სადგურიდან გაუშვეს.
როგორც ვახსენეთ, ეს ეკიპაჟიანი მისიაა, რაც ნიშნავს, რომ აპარატში ასტრონავტები იმყოფებიან, რომლებიც მან ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე დაახლოებით 25 საათში უნდა მიიყვანოს. ესენი არიან ბარი უილმორი და სანი უილიამსი, რომლებიც ორბიტაზე 1 კვირას გაატარებენ, შემდეგ კი უკან ისევ Starliner-ით დაბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული ფრენა თავდაპირველად 7 მაისს იგეგმებოდა, მაგრამ რაკეტა Atlas V-ის პრობლემის გამო გადაიდო. კერძოდ, ხარვეზი მის მეორე საფეხურ Centaur-ის ჟანგბადის მაკონტროლებელ სარქველში დაფიქსირდა.
ამის შემდეგ მისია პირველ ივნისს ჩაინიშნა, მაგრამ ამჯერადაც რამდენიმე წუთით ადრე გადაიდო, რადგან გაშვების დროის ამთვლელი კომპიუტერი სათანადოდ არ ფუნქციონირებდა. მან მუშაობა ავტომატურად შეაჩერა. საბოლოოდ, აპარატი ჰაერში დღეს, 5 ივნისს, აიჭრა.
რაკეტა Atlas V ამერიკული კომპანია United Launch Alliance-ის მიერაა წარმოებული. ის ფრენებში 2002 წლიდან გამოიყენება და წარმატების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამის მიუხედავად, კოსმოსში Starline-ის გატანით ის ეკიპაჟიან მისიაში პირველად იღებს მონაწილეობას.
ბარი უილმორი და სანი უილიამსი 1968 წლის შემდეგ პირველები არიან, რომლებიც აშშ-ის კოსმოსური ძალების სადგურიდან გაფრინდნენ. ასევე, პირველები, რომლებმაც 1963 წლის შემდეგ რაკეტა Atlas-ით იმგზავრეს (მაშინ გორდონ კუპერი Mercury-Atlas 9-ით გაფრინდა).
აღსანიშნავია, რომ Starliner, SpaceX-ის ხომალდის შემდეგ, რიგით მეორე აპარატი იქნება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიიდან გაეშვება ხოლმე.
კომენტარები