აღმოაჩინეს 400 000 წლის წინანდელი ქვის იარაღი, რომლითაც უძველესი ადამიანი ირმებზე ნადირობდა
როგორც ჩანს, 400 000 წლის წინ ჰომო ერექტუსები ირმებზე ნადირობდნენ.
თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა უძველესი ქვის იარაღები აღმოაჩინეს, რომლებიც 400 000 წლის წინ ირმებზე სანადიროდ გამოიყენებოდა. იარაღებს პრეისტორიულ ადგილებში, ჯალჯულიასა და კესემის მღვიმეებში მიაგნეს. იარაღი ისეა დამუშავებული, რომ მისი გამოყენებით ირემზე ნადირობა და შემდგომ ხორცის დამუშავებაც იყო შესაძლებელი.
მას შემდეგ რაც ამ რეგიონში სპილოები აღარ იყვნენ, უძველესმა ადამიანებმა ირმებზე ნადირობა დაიწყეს. საინტერესოა, რომ იარაღის დასამზადებელი მასალა აღმოჩენის ადგილიდან 20 კილომეტრის მანძილზე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უძველესმა ადამიანებმა იცოდნენ თუ სად უნდა მოეპოვებინათ შესაბამისი მასალა.
კვლევას, რომელიც Archaeologies-ში გამოქვეყნდა, არქეოლოგი ვლად ლიტოვი და პროფესორი რან ბარკაი ხელმძღვანელობდნენ.
მკვლევრები განმარტავენ, რომ დაახლოებით მილიონი წლის განმავლობაში ადრეული ადამიანები ქვის იარაღებს (საფხეკები) ტყავის დასამუშავებლად იყენებდნენ. ლევანტში ისინი ძირითადად სპილოებზე და სხვა მსხვილ ბალახოვან ცხოველებზე ნადირობდნენ. თუმცა, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 400 000 წლის წინ, სპილოების გაუჩინარების შემდეგ, უძველესმა ადამიანებმა სხვა სახის ცხოველებზე დაიწყეს ნადირობა — სპილოები ბევრად უფრო პატარა და სწრაფმა არსებებმა, ირმებმა ჩაანაცვლეს.
"კვლევაში შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ შეიცვალა ამ პერიოდში ქვის იარაღები. ჩვენ აღმოვაჩინეთ დრამატული ცვლილება ადამიანის დიეტაშიც. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ დროის ამ მონაკვეთში სპილოები და სხვა დიდი ცხოველები გაქრნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, ირმებზე ნადირობას სპეციფიკის მნიშვნელოვნად შეცვლა დასჭირდებოდა. ერთია, როდესაც დიდი ზომის ნელ ცხოველზე ნადირობ და მეორე, როდესაც შენი მსხვერპლი ბევრად პატარა ტანისაა და მნიშვნელოვნად სწრაფიც.
კვლევების თანახმად, 400 000 წლის წინ ამ ადგილზე ჰომო ერექტუსები სახლობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირმებზე სწორედ ისინი ნადირობდნენ.
კომენტარები