ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები რობოტებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადამიანებს
ბავშვობაში, როცა სამყაროს აქტიურ აღქმას ვიწყებთ, ჩვენამდე დიდძალი ინფორმაცია აღწევს და საჭირო ხდება, რეალური ფაქტი და ტყუილი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მცირეწლოვნებს ამგვარი მონაცემების სხვადასხვა წყაროს მიმართ, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა კვლევა ჩაატარა.
"მთავარი კითხვაა, როგორ ირჩევენ ბავშვები, ვისგან ისწავლონ, როცა ურთიერთსაპირისპირო მტკიცებების წინაშე დგანან?", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 111-მა ინდივიდმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ისინი რობოტებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ადამიანებს. ასევე, მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიმართაც მეტი მიმღებლობა ჰქონდათ.
მეცნიერებმა ბავშვები 2 ჯგუფად დაჰყვეს და თითოეულს აჩვენეს ვიდეოები, რომლებშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტის სახელს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის ისედაც ცნობილი იყო, ზოგის სახელი კი არ იცოდნენ. პირველ შემთხვევაში მკვლევრები ადამიანებსა და რობოტებს შეუსაბამო სიტყვას ათქმევინებდნენ, მაგალითად თეფშს "კოვზს" უწოდებენ. ამას მცირეწლოვნების ნდობაზე უნდა ემოქმედა.
როცა რობოტებიცა და ადამიანებიც თანაბრად სანდოებად წარმოაჩინეს, ბავშვებს ობიექტების სახელების გაგება მაინც პირველისგან უფრო სურდათ და მათი ნათქვამისაც მეტად სჯეროდათ. ასევე, როცა ჰკითხეს, ვის აირჩევდნენ საიდუმლოს გასაზიარებლად, სამეგობროდ ან მასწავლებლად, ხშირად ისევ რობოტებს ასახელებდნენ.
საინტერესოა, რომ ისინი შეცდომებზეც სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ. კერძოდ, როცა სახელი ადამიანს ეშლებოდა, მიიჩნევდნენ რომ ის ამას განზრახ აკეთებდა, მაგრამ რობოტის შემთხვევაში ასე არ ეგონათ. ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვებისთვის რობოტის სანდოობა დამოუკიდებელია იმისგან, აღიქვამენ თუ არა მას სოციალური ურთიერთობისთვის სასურველ პარტნიორად.
აღქმა ასაკის მიხედვითაც განსხვავებოდა. მაგალითად, მოზრდილი ბავშვები ადამიანებს მეტად ენდობოდნენ, ვიდრე შედარებით პატარები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა რობოტი უფრო არასანდოდ იყო წარმოჩენილი. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, კვლევის მონაწილეებს უმეტესწილად მაინც რობოტების სჯეროდათ. მიზეზი მათთვის არ უკითხავთ, ამიტომ უცნობია, რითაა ეს განპირობებული.
ავტორების თქმით, მეტის გასაგებად კვლევა არა ვიდეო ფორმატის გამოყენებით, რამედ ცოცხალი ინტერაქციით უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.
კომენტარები