წინა კვირაში შევიტყვეთ, რომ MadMoa-მ, იგივე AnimatronX-ის გუნდმა, Digital Dragon 2024-ზე გაიმარჯვა. ეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც კრაკოვში ყოველწლიურად იმართება.

ანიმატრონიქსის გუნდის ცნობით, მათ "National Showcase Award" ნომინაციაში გაიმარჯვეს ვიდეოთამაშით Dumbriel: Magnificent Adventure in Hell. კონფერენციაზე ჯამში დაახლოებით 40 თამაში იყო წარდგენილი.

"Digital Dragon ევროპის მასშტაბით პირადად ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე პროდუქტიული და უდიდესი B2B კონფერენციაა. ღონისძიებაზე ძალიან ბევრი თამაში და კომპანიაა წარმოდგენილი ძალიან ბევრი ქვეყნიდან", — თქვა გიორგი ჭყრუნიშვილმა, AnimatronX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩვენთან საუბრისას და დაამატა, რომ თავიდან თამაშის ნომინირების შესახებაც კი არ იცოდნენ.

ერთი მხრივ, გამარჯვება იმის დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ხარისხიანი პროდუქტები საქართველოს მასშტაბითაც იქმნება. ამასთანავე, კონფერენციაში მიღწეული წარმატება გუნდისთვისაც მეტ შესაძლებლობას მოასწავებს. გიორგის აზრით, ეს წარმატება სამომავლო თანამშრომლობებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს:

"კონფერენციაზე ათობით ინვესტორსა და "ფაბლიშერს" ვესაუბრეთ, გავუზიარეთ ჩვენი თამაში. მათგან ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა და ახლა მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადავედით".

საგულისხმოა ისიც, რომ თამაში ჯერ მხოლოდ და მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მისი დახვეწის პოტენციალიც დიდია: "მომავალში კიდევ უფრო დიდი იმედები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროექტს შევთავაზებთ".

"ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ამ ინდუსტრიაში უნდათ ინვესტიციების ჩადება, რომ ახლა გვაქვს შანსი, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და დიდ შედეგებზე გავიდეთ", — დასძენს ის.

///

გამარჯვებულ თამაშს რაც შეეხება, Dumbriel: Magnificent Adventure in Hell კომიკური ელემენტების მქონე თამაშია, რომელიც Metroidvania და Action-Adventure ჟანრს მიეკუთვნება.

სიუჟეტში მოთამაშე პატარა ანგელოზით გადაადგილდება ჯოჯოხეთში და მისი მიზანია, სამოთხეში დაბრუნდეს. ამისთვის მან არაერთი დაბრკოლება უნდა გადალახოს, პროცესში კი სხვადასხვა უნარი შეიძინოს და გამოიყენოს.

ფოტო: Steam

გიორგის განმარტებით, ვიზუალური კუთხით იგი თამაშიდან Ori: And the Will of the Wisps არის შთაგონებული, ხოლო ე. წ. მექანიკები კი თამაშებიდან: Cuphead, Contra და Hollow Knight.

ახალ ვიდეოთამაშს Steam-ზე ამ ბმულიდან იხილავთ. AnimatronX-ის გუნდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ჩვენს ძველ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.