უნდა ითამაშოს თუ არა ბავშვმა ტალახში — როგორ აისახება ეს იმუნურ სისტემაზე
ალბათ, გსმენიათ, რომ თუ ბავშვი გარეთ მიწაში ან ტალახში თამაშობს, ეს მისი იმუნური სისტემისთვის კარგია, მაგრამ რამდენად გვაქვს ამის მეცნიერული დასტური?
აღნიშნული საკითხის შესასწავლად არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელთა თანახმადაც ამან პატარების იმუნიტეტი შესაძლოა, მართლაც გააძლიეროს და ალერგიებისა თუ ავტოიმუნური დაავადებების რისკი შეამციროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩვენი სხეულის დამცავ სისტემას უწევს, ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი უჯრედებია უსაფრთხო და რომელი — არა. მსგავსი მექანიზმი აუცილებელია, რათა ორგანიზმი იქ მოხვედრილ ვირუსებსა და ბაქტერიებს შეებრძოლოს, მაგრამ ამისთვის მსგავსი პათოგენების იდენტიფიცირება უნდა ისწავლოს.
ამაში მნიშვნელოვან როლს თავად ჩვენს კუჭ-ნაწლავში არსებული მიკრობები ასრულებენ. ზოგიერთი მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების წარმოქმნაში მონაწილეობს და საკვების მონელებაში გვეხმარება. ბაქტერიების ამ ერთობლიობის, მიკრობიომის, ჩამოსაყალიბებლად ადამიანის სიცოცხლის პირველი წელი გადამწყვეტია.
ჩვილს ეს ბაქტერიები ვაგინალურად დაბადებისას გადაეცემა ან მის ორგანიზმში დედის რძიდან ხვდება. შემდეგ მათ მიკრობების მრავალ წყაროსთან უწევთ შეხება. "ძველი მეგობრების ჰიპოთეზის" თანახმად, რაც უფრო მეტ მიკრობთან ვართ შემხებლობაში ბავშვობაში, მით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი მიკრობიომი, რაც იმუნურ სისტემას პათოგენების ამოცნობაში ეხმარება. "ძველი მეგობრები" სწორედ სხეულში არსებულ უვნებელ ბაქტერიებს ეწოდება.
ეს უფრო ცნობილი "ჰიგიენის ჰიპოთეზის" მსგავსია, რომლის მიხედვითაც ადრეულ ასაკში მიკრობებთან ნაკლები შემხებლობის გამო იმუნური პრობლემების რისკი იზრდება. მაგალითად, კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფერმასთან ახლოს გაიზარდნენ ან სახლში შინაური ცხოველები ჰყავდათ, ნაკლებად ალერგიულები იყვნენ.
წინა ჰიპოთეზას რომ დავუბრუნდეთ, მასში ყურადღება არა ინფექციურ პათოგენებთან, არამედ უვნებელ მიკრობებთან შემხებლობის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. ეს თანხვედრაშია ევროპაში ჩატარებულ კვლევებთან (1,2,3), რომელთა თანახმადაც ბავშვობაში მიკრობებთან შემხებლობა ალერგიების ჩამოყალიბებისგან არ გვიცავს. "ჰიგიენის ჰიპოთეზის" კრიტიკის მეორე ნაწილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის არასათანადო მნიშვნელობის მინიჭებას ეხება.
"ძველი მეგობრების ჰიპოთეზა" შესაძლოა, უკეთ ხსნიდეს, რატომ აკავშირებენ ალერგიის გაზრდილ რისკს ბავშვობაში ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებასთან (რაც კუჭ-ნაწლავის მიკრობიომს ანადგურებს) და საკეისრო კვეთით დაბადებასთან (რაც ჩვილის ორგანიზმში ვაგინალური ბაქტერიების მოხვედრას უშლის ხელს).
აღსანიშნავია კვლევა, რომელიც ფინეთში ჩატარდა იმის გასაგებად, გაძლიერდებოდა თუ არა ურბანულ გარემოში მცხოვრები ბავშვების იმუნური სისტემა, თუ ისინი ტყიდან აღებულ მიწასა და ბალახში ითამაშებდნენ. ერთ თვეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცირეწლოვნების კანზე მეტად მრავალგვარი უვნებელი ბაქტერიები იყო, სისხლში კი —მეტი იმუნო-მარეგულირებელი უჯრედები და ინფორმაციის გადამტანი მოლეკულები. ეს იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც სათამაშო მოედნებზე ხრეშში ერთობოდნენ.
მსგავსი შედეგები მიანიშნებს, რომ მიწაში არსებულ ბაქტერიებს, სავარაუდოდ, იმუნური სისტემის განვითარებაში შეაქვს წვლილი და, თეორიულად, მისი ზეაქტიურობის შანსს ამცირებს (თუმცა მნიშვნელოვანია გენეტიკური წინაპირობებიც). შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალახში თამაში ბავშვებისთვის კარგია. რა თქმა უნდა, ეს ალერგიებისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ გვაძლევს. ასევე, პატარები დაბინძურებულ ადგილებსაც უნდა მოვარიდოთ, რომელთა მიმდებარედაც საშიში ნივთიერებების არსებობის რისკია, როგორიცაა ტყვია და პესტიციდები.
კომენტარები