ისტორიაში პირველად, ექიმები პაციენტში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან
ეს ყველაფერი უჯრედული თერაპიის გამოყენებით ხდება.
პიტსბურგში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტს უნიკალური მეთოდით მკურნალობს. ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან.
თუ პროცედურა წარმატებით დასრულდება, ეს ახალი თერაპია იქნება მათთვის, ვისაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება და დონორს თვეების განმავლობაში ელოდება.
LyGenesis ამჟამად ტესტირებას მხოლოდ ერთ ადამიანზე ატარებს. პაციენტს ღვიძლის ბოლო სტადიის დაავადება (ESLD) აქვს.
Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტული პროცედურა ჰიუსტონში 25 მარტს ჩატარდა. მოხსენების თანახმად, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს და მისი გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ლიმფურ კვანძში ახალი ღვიძლის მსგავსი ორგანოს ფორმირებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
გარდა ამისა, ინდივიდი იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე დარჩება, რაც დონორის უჯრედების მიღებას შეუწყობს ხელს.
ამ დროის განმავლობაში ექიმები პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.
პროცედურის ფარგლებში დონორის უჯრედები პაციენტის ლიმფურ კვანძებში შეიყვანეს. შემდგომში ეს უჯრედები მრავლდება და ახალ ღვიძლად ყალიბდება.
"ისტორიაში პირველად, ლიმფური კვანძები როგორც ცოცხალი ბიორეაქტორები ისე გამოვიყენეთ. შედეგად ახალი ორგანოს რეგენერირება ხდება", — თქვა დოქტორმა მაიკლ ჰაფორდმა, LyGenesis-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
"მინიატიურული ღვიძლის" ზრდის პროცედურა
ეს პროცედურა ღვიძლის ჯანსაღ უჯრედებს იყენებს. ეს უჯრედი (ჰეპატოციტები) ღვიძლის მასის დაახლოებით 80%-ია და ასრულებს სხვადასხვა უჯრედულ ფუნქციას, მათ შორის მეტაბოლურს.
პროცედურის ფარგლებში მეცნიერებმა უჯრედები პაციენტის მუცლის ზედა ლიმფურ კვანძებში მოათავსეს. საუბარია ლობიოს ფორმის პატარა სტრუქტურებზე, რომელიც იმუნური სისტემის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.
გარდა მუცლისა, ლიმფური კვანძები ასევე გვხვდება კისერსა და გულმკერდში. შესაბამისად, მკვლევრებმა პაციენტის ლიმფურ კვანძში უჯერდები კისრის კათეტერის გამოყენებით შეიყვანეს.
"ასეთ შემთხვევაში ლიმფური კვანძი მოქმედებს როგორც in vivo ბიორეაქტორი, რომელიც ჰეპატოციტებს ფუნქციური ექტოპიური ქსოვილის გამომუშავებაში ეხმარება", — აღნიშნულია კვლევაში.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გამრავლდეს. შედეგად ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანში ლიმფური კვანძები როგორც მეორე ღვიძლის მსგავსი ორგანო ისე იფუნქციონირებს.
ეს ყველაფერი ორგანოების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ხდება, რომელიც სულ უფრო სერიოზული პრობლემაა.
ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ში ათასზე მეტი ადამიანი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინისას კვდება. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ტრანსპლანტაციასაც არ ექვემდებარება. ეს იმიტომ, რომ ისინი მსგავსი პროცედურებისთვის ზედმეტად დასუსტებულები არიან და მას უბრალოდ ვერ უძლებენ.
LyGenesis-ს სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა უნდა.
კომენტარები