შესაძლოა, სკანდინავია გრენლანდიისგან წარმოქმნილიყო
კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სკანდინავია 3.75 მილიარდი წლის წინ გრენლანდიისგან წარმოქმნილიყო. მათ ამ ორ რეგიონში ქიმიური მტკიცებულებების გამოსავლენად ხმელეთის იზოტოპური შემადგენლობა გააანალიზეს, მათ შორის ტყვიის, ჟანგბადისა და ჰაფნიუმის გამოკვლევის გზით.
"ჩვენი მონაცემები მიანიშნებს, რომ სკანდინავიის ქვეშ დედამიწის ქერქის უძველესი ნაწილი გრენლანდიიდან მომდინარეობს და დაახლოებით 250 მილიონი წლით უფრო ადრინდელია, ვიდრე აქამდე გვეგონა", — აცხადებენ სპეციალისტები.
ნიმუშები მათ ფინეთში მდებარე ორი არეალიდან მოიპოვეს. იქ ნაპოვნი ცირკონის ქიმიური მახასიათებლები სწორედ პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ქვებისას დაემთხვა, რომლებიც დასავლეთ გრენლანდიის ჩრდილოატლანტიკურ კრატონშია მიკვლეული. ამაზე ძველი სკანდინავიაში აქამდე არაფერი აღმოჩენილა. გრენლანდიასთან კავშირი სამი დამოუკიდებელი იზოტოპური ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა.
ასეთი მონაცემები მეცნიერებს კონტინენტების ევოლუციისა და, ზოგადად, დედამიწის განვითარების ადრეული ეტაპების უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.
"იმის გამოკვლევა, თუ როგორ წარმოიქმნა კონტინენტები, გვეხმარება გავიგოთ, რატომაა დედამიწა მზის სისტემაში ერთადერთი პლანეტა, რომელზეც სიცოცხლეა.
კონტინენტებისა და მათ შორის არსებული წყლის გარეშე ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ისინი ოკეანურ დინებებსა და კლიმატზე ზემოქმედებს, რომლებიც აქ არსებული სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია", — ამბობენ ავტორები.
მათი თქმით ჩვენი პლანეტის ქერქის ის ნაწილი, რომელზეც ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია და დანიაა, გრენლანდიას გამოეყო და საბოლოოდ იქამდე მიაღწია, სადაც ახლა ფინეთია. შემდეგ ამ ქანმა გეოლოგიური მატერია მიიერთა და სკანდინავია წარმოქმნა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Geology გამოქვეყნდა.
კომენტარები