1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
მეცნიერებმა დნმ-ის მეშვეობით 1500 წლის წინ მცხოვრები ჩინელი იმპერატორის გარეგნული მახასიათებლები გამოავლინეს და დაადგინეს, რა შეიძლება გამხდარიყო მისი სიკვდილის მიზეზი.
საუბარია ჩრდილოეთ ჭოუს დინასტიის წარმომადგენელ იმპერატორ უზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 578 წელს 36 წლისა დაიღუპა. მან სახელი ძლიერი არმიის შექმნით, თურქებთან მოლაპარაკებითა და ჩრდილოეთ ჩინეთის გაერთიანებით გაითქვა. ის ამ ტერიტორიას სიცოცხლის ბოლომდე მართავდა, მაგრამ რამ გამოიწვია მისი ასეთ ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი?
ეს წლების განმავლობაში საკამათო იყო. ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნდა, რომ ის მოწამლეს, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ იმპერატორი უ უცნობმა დაავადებამ იმსხვერპლა. უკანასკნელი კვლევა სწორედ ამ მოსაზრების მართებულობას ადასტურებს. კერძოდ, დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსულტის შემდეგ უნდა გაუარესებოდა.
გენეტიკური მასალა მეცნიერებმა 1996 წელს აღმოჩენილი ჩონჩხის თავის ქალიდან მოიპოვეს. ამან შესაძლებელი გახადა იმის გაგებაც, თუ როგორ გამოიყურებოდა ზემოხსენებული იმპერატორი, რომელსაც ეს ნაშთები ეკუთვნოდა. მეცნიერები ამბობენ, რომ დნმ-ის მიხედვით მას ყავისფერი თვალები, შავი თმა და საშუალოდ მუქი კანი ჰქონდა, როგორც დღევანდელ ჩრდილო და აღმოსავლეთ აზიელებს.
კვლევამ დაადასტურა ისიც, რომ ჩრდილოეთ ჭოუს დინასტიის მმართველი ეთნიკურად ქსიანბეის ხალხებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც დღევანდელი მონღოლეთისა და ჩინეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. ასევე, დადგინდა, რომ ეს პოპულაცია სამხრეთით მიგრაციის შემდეგ ხანის ხალხს შეერია.
ახალი ანალიზი ემთხვევა ისტორიულ ჩანაწერებს იმის შესახებ, რომ იმპერატორს აფაზია, ანუ ტვინის დაზიანებით გამოწვეული მეტყველების პრობლემები ჰქონდა. ასევე, მას ზედა ქუთუთოების ჩამოზნექა და სიარულის ანომალია აღენიშნებოდა, ესენი კი სწორედ ინსულტის პოტენციური სიმპტომებია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები