ნახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს
Neuralink-ის პირველმა პაციენტმა ტვინის იმპლანტით Nintendo-ს Mario Kart ითამაშა. მან კომპანიის მიერ გამართულ შეხვედრაზე ტექნოლოგიას "სიცოცხლის შემცვლელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ შედეგებს თავადაც არ ელოდა.
"ეს გასაოცარი გამოცდილებაა და ამით მსოფლიო შეიცვლება", — თქვა ნოლანდ არბომ, Neuralink-ის 29 წლის პაციენტმა.
ნოლანდს პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა. ის ერთ-ერთია იმ 6 ადამიანიდან, რომლებიც Neuralink-ის ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის ცდაში ჩართეს.
ვიდეოში შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ თამაშობს ნოლანდი Mario Kart-ს გაყოფილ ეკრანზე მამამისთან ერთად.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ეს საოცარი შეგრძნებაა, სამყარო იცვლება და მე მისი ნაწილი ვიქნები", — თქვა არბომ Neuralink-ის შეხვედრაზე.
ჩანს, რომ არბო ტექნოლოგიას გონებით კარგად აკონტროლებს და ის თამაშში პერსონაჟს მშვენივრად მართავს.
არბო Neuralink-ის იმპლანტით სტრატეგიულ ვიდეო თამაშ Civilization VI-საც კარგად თამაშობს.
მოვლენები მართლაც სწრაფად ვითარდება. მხოლოდ იანვარში გავიგეთ, რომ Neuralink-მა თავისი იმპლანტი პირველი ადამიანის ტვინში მოათავსა. იმ დროს პაციენტის სახელიც არ ვიცოდით, ახლა კი ასეთ შედეგებს ვხედავთ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისიც ვნახეთ თუ როგორ თამაშობდა არბო ჭადრაკს.
Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. პროდუქტს Telepathy ჰქვია და მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს სხვებთან ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ.
კომენტარები