ინტერვალური შიმშილი გულის დაავადებით სიკვდილის რისკთან დააკავშირეს
ინტერვალური შიმშილით წონის კლებას საკმაოდ ბევრი ადამიანი ცდილობს. ისინი საკვებს დღის მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებენ, სხვა დროის განმავლობაში კი საერთოდ არ ჭამენ. კვლევებით დადგინდა, რომ ამგვარი დიეტით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაცაა შესაძლებელი, მაგრამ მეცნიერები სხვა, პოტენციურად უარყოფით, შედეგებსაც განიხილავენ.
მეცნიერებმა ამერიკის კარდიოლოგიური გაერთიანების შეხვედრაზე ახალი ნაშრომი წარადგინეს, რომელიც ჯერ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა. მისი მიხედვით, ინტერვალურ შიმშილსა და გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის გაზრდილ რისკს შორის შესაძლოა, გარკვეული კავშირი არსებობდეს.
სპეციალისტებმა აშშ-ში მცხოვრები 20 000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ ზემოხსენებულ დიეტაზე მყოფ ინდივიდებს, რომლებიც მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იღებდნენ საკვებს, გულის დაავადებით სიკვდილის 91%-ით მეტი შანსი ჰქონდათ. ისინი კი, ვისაც გულის პრობლემა უკვე აწუხებდა, ინფარქტითა და ინსულტით სიკვდილის 66%-მდე გაზრდილი რისკის ქვეშ იყვნენ. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა სიმსივნის მქონე პაციენტებშიც.
"ამგვარი დიეტა პოპულარულია, რადგან პოტენციური ხანმოკლე დადებითი შედეგები აქვს. ამის მიუხედავად, ჩვენი კვლევის მიხედვით, დღეში 12-16-საათიან ტიპურ კვებით პერიოდთან შედარებით უფრო ხანმოკლე კვებითი ინტერვალი ხანგრძლივ სიცოცხლესთან არ ასოცირდა", — აცხადებენ ავტორები.
მათ 8-საათიან კვებით პერიოდსა და გულსისხლძარღვთა პრობლემით გამოწვეულ სიკვდილს შორის გარკვეული კავშირი გამოავლინეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად მსგავსი დიეტა იწვევს. კვლევის ფარგლებში ასეთი მიზეზ-შედეგობრიობა არ შეუსწავლიათ, შესაბამისად შედეგების ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორი იქნებოდა.
სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავს კვლევებში დემოგრაფიული და სიციო-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია. ეს იმიტომ, რომ, თუნდაც, სტრესის დონეს ჯანმრთელობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: იქნებ, ეს ინდივიდები სამ სამსახურში მუშაობდნენ და ჭამისთვის დრო არ ჰქონდათ?!
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შედეგები თავად ამ ადამიანთა მიერ გაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელშიც შესაძლოა, ტყუილიც ერიოს, რადგან სუბიექტურია. თანაც, არაა გამორიცხული, რომ ისინი დროისა თუ საჭმლის არქონის ან კვებითი აშლილობის გამო შიმშილობდნენ.
კომენტარები