ქირურგებმა ხერხემლის ოპერაციის დროს Apple Vision Pro გამოიყენეს
დიდ ბრიტანეთში ქირურგებმა Apple Vision Pro ხერხემლის ოპერაციის დროს გამოიყენეს. ეს ხაზს გაფართოებული რეალობის (AR) მნიშვნელობაზე უსვამს. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მსგავსი ტექნოლოგია მხოლოდ ფილმების საყურებლად და თამაშების სათამაშოდ არ გამოიყენება.
როგორც Business Insider იუწყება, ტექნოლოგია ლონდონის კრომველის საავადმყოფოში, ორი მიკრო პროცედურის შესასრულებლად გამოიყენეს.
უფრო კონკრეტულად, ქირურგებს ჩაფხუტი თავად არ ეკეთათ, ის მხოლოდ მათ დამხმარეს ჰქონდა მორგებული. დამხმარე ჩაფხუტში ინტეგრირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (eXeX) იყენებდა.
ერთი სიტყვით, eXeX-მა, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, ქირურგების დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.
"ეს ევროპისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ქირურგები ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ. ამ მიმართულებით ტექნოლოგია კიდევ განვითარდება და პატივია, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ", — თქვა საიდ აფტაბამ, პროცედურის მონაწილე ქირურგმა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რა დროსაც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია სამედიცინო დაწესებულებაში გამოიყენეს. წლების განმავლობაში ექიმები VR-ს სამედიცინო პროცედურების შესასწავლად იყენებდნენ. ტექნოლოგია ასევე გამოიყენება ოპერაციების სიმულირებისთვის. მეტიც, ზოგ შემთხვევაში ვირტუალური რეალობის გამოყენებით პაციენტებს თავიანთი სხეულის მდგომარეობასა და სამედიცინო კონდიციას აცნობენ ხოლმე.
თუმცა, კონკრეტული შემთხვევა მაინც უნიკალურია. ბრიტანეთში აქამდე ასეთი ოპერაცია არ ჩატარებულა. რაც მნიშვნელოვანია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმები კმაყოფილები არიან.
კომენტარები