პენტაგონი ქმნის სენსორებს, რომლებითაც UFO-სთან დაკავშირებულ ანომალიებს შეისწავლიან
პენტაგონის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის სამსახური AARO ქმნის ისეთ სენსორებს, რომლებითაც დედამიწის ორბიტაზე ან ცაში UFO-ს დაფიქსირებასა და იდენტიფიცირებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას AARO-ს დროებითი ხელმძღვანელი, ტიმ ფილიპსი, ავრცელებს.
UFO-ს აშშ-ში უკვე ამოუცნობი ანომალიური ფენომენის, ანუ UAP-ის სახელით მოიხსენიებენ, რადგან ის არა მხოლოდ ცაში, არამედ კოსმოსსა და წყალქვეშაც ვლინდება. ამის შესახებ მეტის გასაგებად ზემოხსენებული სამსახური სამთავრობო ლაბორატორიებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით პორტატიული სენსორების ნაკრებს ქმნის, რომელსაც Gremlin System ეწოდება. ის მონაცემებს სინათლის სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში აგროვებს.
ფილიპსი აცხადებს, რომ Gremlin System-მა თავისი შესაძლებლობები უკვე აჩვენა. კერძოდ, ის მრავალ ფენომენს აფიქსირებს, მათ შორის კოსმოსში.
"რეალურად ვიწყებთ იმის გაგებას, თუ რა არის ჩვენი პლანეტის გარშემო არსებულ ორბიტაზე და როგორ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ის/ისინი, როგორც ანომალიური ობიექტები", — აცხადებს ტიმ ფილიპსი.
ასევე, იხილეთ: ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნაწილი ამოცნობილია — აშშ-ის მთავრობამ UFO-ების კადრები გამოაქვეყნა
მისი თქმით, Gremlin System-ის სენსორები შესაძლოა, საჰაერო თავდასხმის თვალსაზრისით "მგრძნობიარე" ადგილების დასაზვერად გამოიყენონ ან მათი მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნურ თანამგზავრებს დააკვირდნენ.
"თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი ადგილების აკრძალულ ზონებში, საზღვაო რადიუსში ან ჩვენი ხომალდების მახლობლად რაიმე ობიექტის გადაადგილდება შეინიშნება, უნდა ვიცოდეთ, რა არის ის. სწორედ ამიტომ ვქმნით სენსორებს, რომელთაც ასეთი ცნობების საპასუხოდ გამოვიყენებთ", — ამბობს ფილიპსი.
კომენტარები