NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Juno-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. საუბარია იუპიტერის მთვარე ევროპაზე.

მონაცემების თანახმად, ეს ყინულოვანი მთვარე 24 საათში 1 000 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ ჟანგბადის ეს რაოდენობა დღეში მილიონი ადამიანისთვისაა საკმარისი.

Juno-მ მონაცემები JADE-ს ინსტრუმენტით შეაგროვა, როდესაც ევროპას 355 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა.

JADE-ის ინსტრუმენტი სპეციალურად ასეთი მონაცემების შესაგროვებლად იყო შექმნილი.

ევროპა ყოველ წამში 12 კილოგრამ ჟანგბადს გამოიმუშავებს

JADE-ის ინსტრუმენტმა მეცნიერებს ევროპაზე ჟანგბადის წარმოქმნის სიჩქარის დადგენის საშუალება მისცა.

გამოვლინდა, რომ ევროპა ყოველ წამში დაახლოებით 12 კილოგრამ ჟანგბადს აწარმოებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჟანგბადის გარკვეული რაოდენობა შეიძლება მთვარის მიწისქვეშა ოკეანეებში აღწევდეს. ეს კი ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამ არის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია. ამით შეიძლება საბოლოოდ დადგინდეს, არის თუ არა ევროპაზე სიცოცხლე.

და მაინც, როგორ წარმოიქმნება ჟანგბადი?

"როდესაც იონიზებული ნაწილაკები ევროპაზე ხვდება, ისინი აღწევენ ყინულის მოლეკულებში. ასე გამომუშავდება წყალბადი და ჟანგბადი", — აღნიშნეს NASA-ში.

ქვედა ილუსტრაცია აჩვენებს იუპიტერის დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპის ზედაპირზე. ეს ნაწილაკები გაყინული წყლის მოლეკულებს ჟანგბადისა და წყალბადის მოლეკულებად გარდაქმნის.

ფოტო: NASA

ევროპა ასტრონომებს დიდი ხანია რაც აინტერესებთ. ცოტა ხნით ადრე შევიტყვეთ, რომ ვების ტელესკოპმა იუპიტერის ამ თანამგზავრზე ნახშირორჟანგს მიაგნო. მაშინ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ევროპაზე ნახშირორჟანგის კვალი დააფიქსირა. მეცნიერთა აზრით, მისი წყარო ამ ციურ სხეულზე არსებული ყინულქვეშა უზარმაზარი ოკეანე უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ იქ შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ქიმიური პირობები არსებობდეს.

ამ უკანასკნელ მიგნებებს შესაძლოა, სამომავლო მისიებზეც ჰქონდეს გავლენა. მაგალითად, 2024 წელს NASA ევროპას შესასწავლად მისია Europa Clipper-ის გაშვებას გეგმავს. იუპიტერის სისტემისკენ ხომალდი JUICE გაუშვა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომაც.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.